საქართველოს ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრებმა შეკრება დაიწყო

14 ნოემბერს, ქართველი ფეხბურთელები ეგვიპტის გუნდს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგურად გაეჯიბრებიან. იქამდე კი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე საწვრთნელი შეკრება დაიწყო.  შეკრების დაწყებამდე, ჯვაროსნების დამრიგებელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მასალას ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე დაყრდნობით გთავაზობთ:

- ჩვენი მეტოქე - ეგვიპტის ნაკრები ძლიერი გუნდია. მათი თამაშის ვიდეოჩანაწერი გვაქვს და, ასე თუ ისე, ვიცით როგორ თამაშობენ. როგორც იცით, ბევრი გამოძახებული ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თუმცა, ეს შანსია მათთვის, ვისაც მათ ნაცვლად დავუძახეთ და კარგია, რომ საქმეში ვნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს, გვინდა ეს წელი მოგებით და კარგ ხასიათზე დავასრულოთ. მომავალ წელს, საფრანგეთთან მატჩამდე, სასურველია ერთი სასარგებლო ტესტ-მატჩი ვითამაშოთ, რომელსაც, უშუალოდ, იმ მატჩისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ.

ქეცბაიამ დავით დევდარიანის შესახებაც ისაუბრა. შეგახსენებთ, თავდაპირველად გაჩნდა ინფორმაცია, რომ დანიის ორჰუსის შემტევი ნახევარმცველი, ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარებოდა, თუმცა რამდენიმე დღეში კლუბში ითამასა, რამაც მცირე გაუგებრობა გამოიწვია.

- რაც შეეხება დავით დევდარიანს, რომლის გარშემოც ბევრი შეკითხვა დაიბადა, გეტყვით, რომ ჩვენი ინფორმაციით, ტრავმა მანამდე ჰქონდა, სანამ გამოვიძახებდით. თანაც, თავის კლუბში მნიშვნელოვანი თამაშები უწევდა და ამის გამო ვერ ჩამოვიდა.

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის სპარტაკის ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს მამა გარდაეცვალა, შესაბამისად, ის ნაკრებს ვერ დაეხმარება. ქეცბაიამ სინანული გამოთქვა მომხდარი ტრაგედიის გამო და განაცხადა, რომ ოთხშაბათის შეხვედრის შემდეგ, ნაკრების წევრები ფეხბურთელს პირადად მიუსამძიმებენ.

პირველ ვარჯიშზე, ნაკრებში 19-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა. ესენი არიან: გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, ომარ მიგინეიშვილი, უჩა ლობჟანიძე, ალეკო ამისულაშვილი, აკაკი ხუბუტია, გია გრიგალავა, გიორგი ფოფხაძე, გულვერდ თომაშვილი, დავით კვირკველია, ირაკლი მაისურაძე, ირაკლი ძარია, თორნიკე გორგიაშვილი, სანდრო გურული, შოთა გრიგალაშვილი, ნიკა ძალამიძე, ლადო დვალიშვილი, ირაკლი ქობალია, ჯაბა დვალი.

ნაკრებს მოგვიანებით დავით თარგამაძე და სანდრო კობახიძეც შეუერთდნენ.

მატჩზე დასწრების მსურველებს, ბილეთების შეძენა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში ხვალ, დილის 11 საათიდან შეეძლებათ. ბილეთის ფასი 5 ლარია.

 

 

კომენტარები