სოზარ სუბარი

სუბარი წესრიგის დამყარებასა და პატიმართა უფლებების დაცვაში დახმარებას საზოგადოებას სთხოვს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა Primetime-თან საუბარში განაცხადა, რომ ციხეებში პატიმრები ბადრაგებს აღარ ემორჩილებიან, შეურაცხყოფას აყენებენ ექიმებს და ფსიქოტროპულ მედიკამენტებს მოითხოვენ. 
„ბადრაგები გაურკვეველ სიტუაციაში არიან, იმ სასტიკი რეჟიმის მერე, რაც იყო, ვერ მიხვდნენ, სად გადის ზღვარი წესრიგის დაცვას და არეულობას შორის. ერთია წესრიგის დამყარება და მეორე ქაოსი, რომელსაც ჩვენ არ დავუშვებთ, თუმცა, იყო პრობლემა, რომ ბადრაგები ვერ ახერხებდნენ აღეკვეთათ პატიმრების ძალიან უხეში მოქცევა, მაგრამ აქაც ლაგდება ვითარება. თვითონ პატიმრების მშობლებს, ოჯახის წევრებსაც ვთხოვ, რომ გავლენა მოახდინონ პატიმრებზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 
მინისტრი წესრიგის დამყარებაში დახმარებას საზოგადოებას სთხოვს. 
„ნიუ ჰოსპიტალი აპირებდა შეეწყვიტა ხელშეკრულება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ ექიმებისთვის გაუსაძლისი გახდა ამ შეურაცხყოფის ატანა. ჩვენი თხოვნით გააგრძელეს... ხელშეკრულების შეწყვეტა პირველ რიგში პატიმრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის იქნება ძალიან ცუდი, ამიტომ მთელ საზოგადოებას ვთხოვ დაგვეხმაროს წესრიგის დამყარებაში და ადამიანის უფლების დაცვაში. ეს ორი ბორბალი ერთდროულად უნდა მოქმედებდეს, არ შეიძლება რომელიმეს იგნორირება“, - ამბობს სუბარი. 

კომენტარები