ტარიფები

კახი კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი სოკარის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„სოკართან სამომავლოდ აუცილებლად გვექნება საუბარი, თუ რამდენად შესაძლებელია ტარიფების გადახედვა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარის გენერალურ დირექტორთან, როვნაგ აბდულაევთან, შეხვედრის შემდეგ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განუცხადა. 

კახი კალაძის თქმით, შეხვედრა მხოლოდ გაცნობითი ხასიათის იყო. „აზერბაიჯანთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება“.

შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა. კალაძემ განმარტა, რომ ეს სოკარის წარმომადგენელთა მოთხოვნა იყო.

ტარიფების ცვლილებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც გაავრცელა.

„ცალკეულმა მედიასაშუალებებმა ჩემი განცხადება კომპანიებთან - სოკართან და ინტერ რაოსთან - დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაცია გაავრცელეს.
მინდა განვაცხადო, რომ ეს კომპანიები საქართველოს უმსხვილეს ინვესტორთა შორის არიან და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების გადახედვის საკითხი საქართველოს მთავრობის მხრიდან არ განიხილება.
რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფის დადგენას, საქართველოს კანონებით, აღნიშნული კომპეტენცია აქვს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. მხოლოდ ამ უწყებას აქვს უფლება, გადახედოს კერძო კომპანიის სატარიფო პოლიტიკას და სათანადო რესურსის არსებობის შემთხვევაში, ტარიფის შემცირება მოითხოვოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები