ეროვნული უშიშროების საბჭო

გიგა ბოკერია: პროკურატურის პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენების ყველა ნიშანი სახეზეა

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ  ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ნუგზარ შამათავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. ბოკერიას თქმით, გუშინ მომხდარი დაკავება საგანგაშო მოვლენაა.

„სახეზეა ყველა ნიშანი პროკურატურის პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენების, პოლიტიკური ანგარიშსწორების. კალანდაძის შემთხვევაში ჩვენ სახეზე გვქონდა ღიად გაცხადებული ამოცანა ახალი მთავრობის, რომ ის უნდა ჩანაცვლებულიყო ბატონი კაპანაძით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა. ამაზე როცა მათ უარი მიიღეს, ჩვენ ვნახეთ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის მეშვეობით მოხდა 2008 წლის ომის გმირის ჩამოცილება და დაკავება. ბატონი ახალაიას შემთხვევაში, ეს ადამიანი თვითონ ჩამოვიდა საქართველოში, თავისი ფეხით მივიდა პროკურატურაში, არანაირი საფუძველი ამ ადამიანების დაკავების არ არსებობდა“, - განაცხადა ბოკერიამ.

უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ავტორიტეტს შელახავს და პრობლემებს შეუქმნის ნატოს შემდეგ სამიტზე საქართველოს ალიანსთან დაახლოების პროცესს.

„ერთადერთი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება ოდნავ შეამსუბუქოს ახალი ხელისუფლების ბრალეულობა, ეს არის ყველა ამ პირის დაუყოვნებლივი გათავისუფლება. იმ პირობებში, როცა ისინი ყველანი მზად არიან ითანამშრომლონ გამოძიებასთან, ეს არის ერთადერთი სამართლებრივი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება ოდნავ შეამსუბუქოს მათი პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა ბოკერიამ. 

კომენტარები