განცხადება

ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროები განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროებმა, თბილისის მერიის სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

სატრანსპორტო, სოციალური და სამედიცინო დაზღვევის შეჩერებაზე პასუხისმგებლობას, სამინისტროები საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას და თბილისის მერიას აკისრებენ.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,19 ოქტომბერს ყოფილმა პრემიერმა, ვანო მერაბიშვილმა, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც თბილისის ბიუჯეტიდან აღნიშნული პროგრამებისათვის გასაწევი ხარჯები, საბიუჯეტო კანონმდებლობის სრული დარღვევით, პარლამენტთან შეთანხმების გარეშე, სახელმწიფო ბიუჯეტს გადასცა, რითაც 2012 წელს 25 მილიონი, ხოლო მომავალ წელს 78 მილიონი ლარი, დამატებითი ვალდებულება დააკისრა.
20 ოქტომბერს ქალაქ თბილისის საკრებულომ, დაჩქარებული წესით დედაქალაქის ბიუჯეტიდან ამოიღო აღნიშნული პროგრამებისთვის გათვალისწინებული ხარჯები. თბილისის მერიამ სადაზღვევო კომპანიებს ოფიციალური წერილით მიმართა სადაზღვევო ხელშეკრულებების ნაადრევად შეწყვეტის თაობაზე და მიზეზად თანხების უქონლობა დაასახელა. ეს იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქის ბიუჯეტისთვის წლის განმავლობაში, ტრანსფერის სახით გამოყოფილი 450 მილიონი ლარიდან დედაქალაქს ცხრა თვის მანძილზე ათვისებული ჰქონდა 75%. აქედან, ჯანდაცვის პროგრამებზე გათვალისწინებული იყო 30 მილიონი ლარი, 9 თვის განმავლობაში მერიას დახარჯული ჰქონდა 17 მილიონი ლარი, შესაბამისად, დარჩენილი იყო 13 მილიონი ლარი; სოციალური პროგრამებისთვის განკუთვნილი 52 მილიონი ლარიდან, დახარჯული იყო 30 მილიონი ლარი, დარჩენილი კი - 22 მილიონი. ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებისთვის გამოყოფილი 35 მილიონიდან ათვისებული იყო 20 მილიონი ლარი და დარჩენილი რეზერვი შეადგენდა 15 მილიონ ლარს. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 19 დღის შემდეგ, მაშინ, როცა მიმდინარეობდა ხელისუფლების გადაბარების პროცესი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკითხები გადაბარების პროცესის მიმდინარეობისას, არც ერთ შეხვედრაზე, მათ შორის, არც ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე არ დასმულა. 
ასევე, აღსანიშნავია, რომ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვერ გაიცემა აღნიშნული თანხა, რადგან კანონში 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ ასეთი მუხლები გათვალისწინებული არ არის. ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ამ ვალდებულების ასაღებად არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
ჩვენი პოზიცია უცვლელია, რომ აღდგეს თბილისის ბიუჯეტი ძველი პარამეტრებით და დაუბრუნდეს 18 ოქტომბრისათვის არსებულ სტატუს კვოს, თბილისის მერიამ შეასრულოს ის ვალდებულება, რომელიც აქვს აღებული საკუთარი მოქალაქეების წინაშე“, - ნათქვამია განცხადებაში.

 შეგახსენებთ, სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილს თბილისის მერმა, გიგი უგულავამ 2 ნოემბერს  მიმართა. 

კომენტარები