სასჯელაღსრულების სისტემა

პატიმართა პროტესტი ქსნის კოლონიაში

ქსნის სასჯელაღსრულების მე-15 დაწესებულებაში თხუთმეტმა პატიმარმა პირი ამოიკერა. როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება, ამის შესახებ ციხიდან გამოსვლის შემდეგ საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრმა დიმიტრი ლორქიფანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები ითხოვენ თანამდებობებს ჩამოშორდნენ ის პირები, რომლებიც მხილებულნი არიან პატიმრების წამებაში, ცემასა და ღირსების შემლახველ მოპყრობაში. ლორთქიფანიძის ცნობით, 5 ნომებრიდან დაიწყება იმ პატიმრების გამოკითხვა, რომლებიც კონკრეტული თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. მისივე თქმით, არიან პატიმრები, რომლებსაც პრეტენზიები აქვთ ციხის დირექტორის, ნუკრი ხუხუას მიმართ.

ლორთქიფანიძემ მოუწოდა პატიმრების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, პანიკას ნუ აჰყვებიან, რადგან მათ მიიღეს პირობა, რომ დაწესებულებაში არ შევა სპეცდანიშნულების რაზმი, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს.

გარდა ამისა, საპყრობილის დატოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა მონიტორინგის ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, დედათა კომიტეტის თავმჯდომარე ქეთი ადამიამ. მისი თქმით, ციხეში არანაირი ბუნტი და არეულობა არ არის და იქ აბსოლუტური სიმშვიდეა, უბრალოდ, პატიმრებმა რამდენიმე ისეთი თანამშრომელი შენიშნეს, რომლებიც დათხოვნილნი იყვნენ დაწესებულებიდან.

რაც შეეხება ნუკრი ხუხუას, ქეთი ადამიას ინფორმაციით, პატიმართა ნაწილის უკმაყოფილება ხუხუას გამონათქვამმა გამოიწვია, რომელმაც მსჯავრდებულებს მიმართა და უთხრა - "ნუ იფიქრებთ, რომ გაგათამამებთ". ადამიას თქმით, ხუხუას საკითხთან დაკავშირებით პატიმრების პოზიციები განსხვავდება და მის მიმართ პრეტენზიები მხოლოდ ნაწილს აქვს. ადამიას მიაჩნია, რომ ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დაკავშირებით დღეს განვითარებული მოვლენები ხელოვნურად პროვოცილებული და გარედან მართულია.

 

კომენტარები