აღმსარებლობის თავისუფლება

ახალი დეტალები მუსლიმთა ბედზე სოფელ ნიგვზიანში

ლაჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ტაბულა ქართველ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენელს, ტარიელ ნაკაიძეს დაუკავშირდა. როგორც სააგენტო INFO9.GE-ს სიუჟეტიდან ირკვევა, სოფელ ნიგზვიანის ქრისტიანი მოსახლეობა ადგილობრივი მუსლიმების რელიგიურ მსახურებებს ხელს უშლის. ქართველ მუსლიმთა კავშირი ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.

ტარიელ ნაკაიძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში დაახლოებით 3500 აჭარიდან ჩასახლებული ოჯახი ცხოვრობს. მოცემულ რაიონში მხოლოდ სოფელი ნიგვზიანია, სადაც მრევლმა საკუთარი სახსრებით კერძო სახლი შეიძინა და იქ პატარა სამლოცველო მოაწყო. სამლოცველოში პარასკევობით 300-ზე მეტი მორწმუნე ლოცულობს, ის უკვე 6 თვეა მოქმედებს. ნიგვზიანში სულ 1500-მდე ოჯახი ცხოვრობს, აქედან 550-600 აჭარიდან ჩასახლებული ეკო მიგრანტია.

„ადგილობრივი მუსლიმი მორწმუნეების გადმოცემით, 26 ოქტომბერს, როცა ისინი პარასკევის ლოცვის შესასრულებლად იკრიბებოდნენ, მათ თავს დაესხა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 20 -ზე მეტი სხვა აღმსარებლობის ადამიანი. იგინებოდნენ და შეურაცყოფებს აყენებდნენ მოხუცებს. მორწმუნეების გადმოცემით, განსაკუთრებით აქტიურობდნენ გოჩა ჩხარტიშვილი, ჯუმბერი ტუღუში, ირაკლი აფხაზავა და ვიტალი ბერიძე. ისინი მუსლიმებს ემუქრებოდნენ - „გველებივით თავებს დაგიჭიჭყავთ, თქვე თათრებო, თქვე ჩამოთრეულებო, გურიაში მეჩეთს არ გაგახსნევინებთ, აქ არ გალოცებთ“ - და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ამ სოფელში ლოცვაზე ასევე დადიან სუფსის, ლესისა და სხვა მეზობელი სოფლების მუსლიმი მრევლი, რადგან რეგიონში სხვა მეჩეთი არ არსებობს“ - ამბობს ნაკაიძე

ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით, დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან მუსლიმი ბავშვებიც. განსაკუთრებით ცუდი მოპყრობაა საბავშვო ბაღებში, სადაც მათ საჭმლის წინ პირჯვრის გადაწერას აძალებენ. „ავიწროვებენ და აყენებენ შეურაცხყოფებს, კერძოდ: „თათარო“,“ძალით თავსმოხვეული, მოთრეული რელიგიის მიმდევარი არ შეიძლება იყოს, ქართველი“ და ა.შ“ - უთხრა ტაბულას ტარიელ ნაკაიძემ.

 

კომენტარები