მინიმალური ხელფასი

ჯერ იყო და, ჯანდაცვის მინისტრობის ექსკანდიდატმა, ამირან გამყრელიძემ, გვამცნო უმუშევრობის კომპენსაციის დაწესების გეგმა. გეგმა, ცხადია, უტოპიურად გამოიყურება ქვეყანაში, სადაც, კვლევების მიხედვით, ზრდასრული მოსახლეობის ორი მესამედი თავს უმუშევრად მიიჩნევს. ასეა თუ ისე, განვიხილეთ; დავასკვენით, რომ დაპირება ალბათ დაპირებად დარჩება; ბატონ ამირანთანაც დავიწყეთ ხელახლა შეჩვევა - ბოლო-ბოლო, ბავშვობიდან გვახსოვს, როგორც მინისტრი კაცი. მაგრამ ვინ გაცლის?

18 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრობის უკვე ახალმა, მოქმედმა კანდიდატმა, დავით სერგეენკომ, გვახარა, რომ ქვეყანაში „მკაცრად განისაზღვრება“ მინიმალური ხელფასები, სფეროს მიხედვით. სერგეენკოს გეგმით, მართალია, სახელმწიფო კერძო კომპანიებს სახელფასო პოლიტიკას „ვერ უკარნახებს“, მაგრამ დამქირავებელს დაქირავებულისთვის დადგენილზე ნაკლები თანხის გადახდა არ შეეძლება. 

რითი განსხვავდება „მკაცრად განსაზღვრული“ მინიმალური ხელფასი, უბრალოდ ან რბილად განსაზღვრულისგან? ალბათ ურჩი დამქირავებლისთვის ხელში სახაზავის ჩარტყმა შეგვეძლება. მაგრამ თავი დავანებოთ ბიუროკრატიული ლექსიკონის მარადიულ საკითხს: წარმოვიდგინოთ მოვლენების განვითარების სამი, ოდნავ სიურრეალისტური, თუმცა პრობლემის არსის ამსახველი სცენარი:

სცენარი პირველი 

მედია გვამცნობს, რომ მინიმალური ხელფასების მკაცრად დამდგენი კომისია „სხვადასხვა სფეროს ავტორიტეტული ექსპერტებით“ დაკომპლექტდა. ექსპერტები იღებენ კურთხევას და ენთუზიაზმით უდგებიან სამუშაოს. ერთი კვირის თავზე, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ხდება კომისიის დასკვნა. ექსპერტებმა, გაითვალისწინეს რა ქვეყანაში ხელფასების რეალური დონე, შრომითი ბაზრის სტრუქტურა და დაბალი მშპ, დაადგინეს შემდეგი მაჩვენებლები: დაცვის ბიჭი - 111 ლარი; სანტექნიკოსი - 119 ლარი; პროგრამისტი - 127 ლარი; ბოძზე მოცეკვავე ქალი - 135 ლარი...

რესტორან ტირიფებში დოკუმენტის არაოფიციალური განხილვისას, ზედმეტი მხიარულებისგან გულის შეტევა ემართება სოციალური სამართლიანობის კომისიის წევრ ბუმბერაზ ქვლივიძეს. ბატონი ბუმბერაზი რესპუბლიკურში გადაჰყავთ.

სცენარი მეორე

ბატონი ანზორი მაღაზიის მეპატრონეა და ოჯახს „უზრუნველყოფს“. მის ცოლს, ქალბატონ მანონის, მართალია, მშვენივრად გამოსდის დიასახლისობა, განსაკუთრებით კი თხელი იმერულები, მაგრამ დილიდან საღამომდე სახლში ჯდომა არ უნდა. ასწავლის დაწყებითებს კერძო სკოლაში. იღებს 400 ლარს და კმაყოფილია - როგორც თვითონ ამბობს, ლენინზე მეტად უყვარს ბავშვები, თავს გრძნობს რეალიზებულად და საკუთარი ფულით ყიდულობს ფეხსაცმელს.

ბატონი ანზორის შვილი, გოჩა, დამწყები პროგრამისტია. ორი თვეა, რაც მუშაობს აითი-კომპანიაში - ჯერჯერობით იღებს 300 ლარს, სამაგიეროდ იძენს გამოცდილებას და „სივის“ იუმჯობესებს. ახლობლებს უხარიათ, რომ ბიჭს აქვს პერსპექტივა და მთელი დღე ბირჟაზე არ დგას.

ანზორის მაღაზიაში მუშაობს საპენსიო ასაკთან მიახლოებული ქალბატონი ლალი. იღებს 400 ლარს და პრემიას, როდესაც გაყიდვები კარგად მიდის.

 ამასობაში, მინამალური ხელფასების დამდგენი კომისიის დასკვნა იგვიანებს. ზევიდან მოდის მითითება: 

„რამენაირად გაანაწილეთ, მთავარია ხელფასები იყოს ღირსეული. ბ.ი.“

პარალელურად, ანონიმური წყარო ავრცელებს საიდუმლო მინაწერს:

„რას აწვალებენ ეს ჩემისები? ი.ღ.“

ექსპერტები ითვალისწინებენ მითითებებს და დაჩქარებული წესით იღებენ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა-დან ე-მდე - 600 ლარი, ვ-დან კ-მდე - 500 ლარი, ლ-დან პ-მდე - ისევ 600 ლარი და ა.შ.

ერთი თვის შემდეგ:

გოჩას კომპანიის მენეჯერები კონსულტაციის შედეგად ასკვნიან, რომ რახან სამუშაო არის, ხელფასი კი მაინც გასაორმაგებელია, გამოცდილი კადრის მოძებნა ჯობია. ცხადდება კონკურსი. ახლა უკვე უმუშევარ და ისედაც გაღიზიანებულ გოჩას ბატონი ანზორი სახლში უსაქმურს უწოდებს.

ქალბატონი მანონი შემცირებაში ყვება - სამი 400-ლარიანის მაგივრად დაწყებითებს ორი 600-ლარიანი მასწავლებელი მიხედავს. 

დეპრესიის ზღვარზე მყოფი მანონი სამზარეულოში ქმარს სთავაზობს ქალბატონი ლალის ჩანაცვლებას: თუ გამყიდველად მანონი იმუშავებს, ხელფასზე მოსამატებელი 200 ლარიც ოჯახში დარჩება. ანზორს საყვარელი ცოლის გამყიდველის ამპლუაში ხილვა უტყდება, თუმცა წინადადებას უფიქრდება.

სცენარი მესამე

აითი-კომპანიის მენეჯერებს გოჩას გაშვება არ უნდათ და „ჯიგრულად“ უთანხმდებიან, რომ 600 ლარს გაუფორმებენ, თუმცა რეალურად 300-ს აიღებს. დანაკარგი, ამ შემთხვევაში, სახელფასო გადასახადის ცვლილებამდე, ანუ 75 ლარამდე დაიყვანება.

გოჩა ამბავს სახლში ჰყვება. ანზორს გეგმა მოსწონს და ფიქრობს იგივე გააკეთოს ქალბატონი ლალის შემთხვევაშიც, რომელიც საკმაოდ გაჭირვებულია და გასაშვებად არ ემეტება.

მანონის ბედი სკოლაში ჯერ გაურკვეველია, თუმცა იქაც ალბათ რამეს მოიფიქრებენ.

ხალხი ცოცხლდება; მოძრაობას, ჩალიჩს იწყებს.

ქვეყანა ისევ ქვეყანას ემსგავსება. 

თავისუფლად მფრენ ხელოვანებს უნიკალური კოლორიტის განცდა უბრუნდებათ და შთამგონებელი აურის ხათრით მზად არიან ბნელ შესახვევში „შე პიდარასტო“ შეძახილებიც აიტანონ. 

ჟურნალისტებსა და ინტელიგენტებს წარსულის მოგონებადღა რჩებათ ქართველობის წართმევის, ფეხქვეშ გათელვის და ფესვებიანად ამოთხრის მსოფლიო შეთქმულება. 

ქალაქი მშვიდად იძინებს.

კომენტარები