საქართველო-აშშ

ერიკ რუბინი: ქართული დემოკრატია სლოგანზე მეტია

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ერიკ რუბინმა, ვაშინგტონში, ეროვნული ინტერესის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების, მისი შედეგებისა და აშშ-ისა და საქართველოს შემდგომი ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის შეფასებით, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ორი მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდა. მისი თქმით, დამტკიცდა, რომ ქართველი ხალხი მზადაა ცვლილებებისთვის. ასევე, არჩევნების შედეგად ვერცერთმა პარტიამ ვერ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ნიშნავს, რომ გამარჯვებულ ქართულ ოცნებას არ ექნება სრული კარტბლანში და, სურვილისამებრ, ისე სწრაფად ვერ შეცვლის კონსტიტუციას, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა.

„პირველი ოქტომბრის არჩევნებმა დაამტკიცა, რომ ქართული დემოკრატია უფრო მეტია, ვიდრე სლოგანი და ხელისუფლების მიმდინარე გადაცემა ერთი პარტიიდან მეორეზე არის სტანდარტი ყველა ახალი დემოკრატიისთვის. ჩვენი პოლიტიკა, როგორც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ უთქვამთ პრეზიდენტ ობამასა და სახელმწიფო მდივან კლინტონს, მდგომარეობს საქართველოში ძალაუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული გადაცემის მხარდაჭერაში. სწორედ ეს ხდება მიმდინარე კვირაში ახალი პარლამენტის სხდომით დაწყებული მთავრობის ახალი კაბინეტის დამტკიცებით დამთავრებული“, - განაცხადა ერიკ რუბინმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის შეფასებით, არჩევნების ჩატარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ და არასამთავრობო სექტორმა, რომელთა ძალისხმევითაც წინასაარჩევნო პერიოდში არსებული პრობლემები გადაიჭრა. ერიკ რუბინის მოსაზრებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო იდეალური, თუმცა იყო მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის გასამყარებლად.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები გაგრძელდება, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობის, უსაფრთხოების, დემოკრატიის გაღრმავების, ეკონომიკისა და კულტურული ურთიერთობების სფეროში. ერიკ რუბინმა განაცხადა, რომ აშშ-ის ორმხრივი დიალოგი საქართველოსთან გაგრძელდება და კვლავაც დაეფუძნება ჩარჩოს, რომელსაც საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ქმნის.

„შესაძლოა, ქართველები ვერ თანხმდებიან ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთ ძირეულ საკითხზე არსებობს შეთანხმება. პრეზიდენტ სააკაშვილის მსგავსად, პრემიერმინისტრობის კანდიდატ ივანიშვილისა და მისი გუნდის პოზიცია მკაფიოა - მათ სურთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელება და, საბოლოოდ, ქვეყნის ნატოში გაწევრიანება“, - აღნიშნა ერიკ რუბინმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც. მან განაცხადა, რომ აშშ კვლავაც მოუწოდებს რუსეთს 2008 წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ - სამხედრო ძალების 2008 წლის ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებისა და საერთაშორისო მეთვალყურეების ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს დაშვებისკენ.

„ამავე დროს, ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას. ჩვენ ვერ ვხედავთ წინააღმდეგობას საქართველო-აშშ-ის აქტიურ, ჯანსაღ ურთიერთობებსა და საქართველო-რუსეთს შორის აქტიურ, ჯანსაღ ურთიერთობებს შორის. გასულ წელს ბევრი ვიმუშავეთ საქართველოსა და რუსეთის პოზიციების დასაახლოებლად იმისათვის, რომ საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას დათანხმებოდა“, - განაცხადა ერიკ რუბინმა.

 

კომენტარები