სამთავრობო პროგრამა

ოკუპირებული ტერიტორიები სამთავრობო გეგმაში

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. სწორედ ამ გეგმაში ჩამოთვლილი პრინციპების მიხედვით აპირებს ქართული ოცნება უახლოეს მომავალში ქვეყნის მართვას. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ახალი მთავრობის სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სტრატეგია საარჩევნო და სამთავრობო პროგრამაშიც კონფლიქტების მოგვარების სათაურის ქვეშ არის.

კონფლიქტების მოგვარება საგარეო ურთიერთობების უმთავრეს პრიორიტეტად სახელდება. ამ პრობლემის გადაჭრის მთავარ სტრატეგიად „მიმდინარე დესტრუქციული პროცესების შეჩერება“ და უსაფრთხოების გარანტირების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვაა გაწერილი. ეს პუნქტი სამთავრობო პროგრამაშიც შენარჩუნებულია.

სამთავრობო პროგრამაში ასევე შენარჩუნებულია ქართულ, ოსურ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის ურთიერთობის და სახალხო დიპლომატიის აღდგენის აუცილებლობა.

სამთავრობო პროგრამაში არ წერია პუნქტი, რომელსაც საარჩევნო პროგრამაში „საგანგებო მნიშვნელობა“ აქვს მინიჭებული - „საგანგებო მნიშვნელობისაა, გაბათილდეს არგუმენტი, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დაცვა გარე სამხედრო ძალებითაა აუცილებელი“.

ამასთან, სამთავრობო პროგრამაში ნახსენები არ არის, აპირებს თუ არა ხელისუფლება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს. საარჩევნო პროგრამაში ამის შესაძლებლობაზე საუბარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო პროგრამაში ამ საკითხის გარშემო კონკრეტიკა არ არის, ხელისუფლების წარმომადგენლები ჟენევის მოლაპარაკებებზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარეებად განხილვას არ გამორიცხავენ.

საარჩევნო პროგრამაში ასევე საუბარი იყო ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო მმართველებთან მოლაპარაკებებში გონივრულ კომპრომისებზე. ამის თაობაზე სამთავრობო პროგრამაში არაფერია ნათქვამი.

სამთავრობო პროგრამაში მნიშვნელოვანი აქცენტი არის დასმული იმაზე, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს საშუალება ჰქონდეთ, ისარგებლონ იმავე სერვისებით, რითაც დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ. ასევე ხაზგასმულია სამეგრელოსა და შიდა ქართლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონია. ახალი ხელისუფლების წევრებისგან გაკეთდა რამდენიმე განცხადება, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული კანონის შერბილება უნდა მოხდეს. თუმცა ჯერ არ დაკონკრეტებულა, თუ როგორ „შერბილდება“ ან შერბილდება თუ არა ეს კანონი.

 

 

კომენტარები