ფეხბურთი

ძმები

ჯეკ და ბობი ჩარლტონები

ჯეკ და ბობი ჩარლტონები
წელს, პერუს დივიზიონში მოასპარეზე დეპორტივო მუნიციპალის დირექტორმა – ლუის საეტონმა, სენსაციური განცხადება გააკეთა: “მარადონა დავიმატეთ!”. რამდენიმე თვის შემდეგ, იმავე საეტონის თქმით, ეს მარადონა იმდენად ცუდი მოთამაშე იყო, რომ მისი მოედანზე ყოფნისას, გუნდი, რეალურად, ათი კაცით თამაშობდა.

რაულ მარადონა, იგივე “ლალო”, დიეგოს უმცროსი ძმაა. ყველაზე ხმაურიანი მოვლენა მის გარშემო 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მოხდა, როდესაც ნეაპოლის პოლიციამ საგზაო წესების დარღვევის გამო დააკავა. რამდენიმე მატჩი აქვს ჩატარებული ბოკა ხუნიორსის შემადგენლობაში, შემდეგ ერთი სეზონი ესპანურ გრანადაში ითამაშა და კარიერა ზემოხსენებულ ლიმას დეპორტივო მუნიციპალში დაასრულა.

დიეგოს მეორე ძმაც ჰყავს – უგო. უგოს კარიერა შედარებით სოლიდურია: ასკოლი, რაიო ვალეკანო, ვენის რაპიდი და 1992-1998 წლებში იაპონიის ლიგაში გატანილი 85 გოლი. დღეს ფლორიდაში ცხოვრობს და საცხობის მეპატრონეა. 1987 წელს ლალომ, უგომ და დიეგომ ესპანეთის მეორე დივიზიონის გრანადაში ითამაშეს ერთად (ეს ყოველივე ლალოს კონტრაქტის ნაწილი იყო), როი ჰოჯსონის მალმიოს წინააღმდეგ. გრანადამ 3:2 გაიმარჯვა, ლალომ ანგარიში გახსნა და დიეგომ ჯარიმა შეაგდო.

საფეხბურთო დინასტიების ამბავი 1875 წელს იწყება ჰერბერტ და უილიამ როუსონებით, რომლებიც ინგლისის ნაკრებში მოთამაშე პირველი ძმების სახელით შევიდნენ ისტორიაში. დღემდე ინგლისში სულ ოცი ასეთი შემთხვევა არსებობს. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე დიდი საძმოს ამბავი ისევ სამხრეთით, არგენტინაში გვაბრუნებს.

1825 წელს, ჯეიმს და მერი ბრაუნები საცხოვრებლად ედინბურგიდან ბუენოს აირესში გადავიდნენ. ჯეიმს ბრაუნ ჯუნიორის (მათი უმცროსი შვილი) ცხრა ვაჟიდან, შვიდი ფეხბურთელი დადგა. შვიდიდან ხუთი არგენტინის ნაკრების წევრი იყო. ბრაუნებმა სახელი ალუმნი ატლეტიკის შემადგენლობაში თამაშისას გაითქვეს. კლუბში, რომელიც არგენტინული ფეხბურთის მამად წოდებული შოტლანდიელი მასწავლებლის – ალექს უოტსონ ჰატონის დაარსებული იყო. ძმებიდან ყველაზე ცნობილმა და სახელოვანმა ხორხე

ფრანკ და რონალდ დე ბურები
ბრაუნმა ათჯერ მოიგო არგენტინის ჩემპიონატი და 1908-1913 წლებში არგენტინის ნაკრებს კაპიტნობდა.

მილბერნების ცნობილი საფეხბურთო ოჯახი პატარა ქალაქიდან, ეშინგტონიდან იყო. მათ გარდა, ეშინგტონის მაღაროებთან, კიდევ ორი ფეხბურთელი, ძმები ჯეკი და ბობი ჩარლტონები გაიზარდნენ. ქალაქში, ქვანახშირის გამო, ყველაფერი ნიუკასლის ფერებში იყო – შავ-თეთრი. ძმებსაც უფროსი ნათესავის, ლეგენდარული ჯეკი მილბერნის მსგავსად, ჭეშმარიტი ჯორდული არჩევანი უნდა გაეკეთებინათ და ნიუკასლში ეთამაშათ. თუმცა ერთი ლიდსის ლეგენდა გახდა, მეორე კი მანჩესტერ იუნაიტედის.

ჯეკი ჩარლტონი ჭეშმარიტი ჯორდია და იმ იშვიათ ინგლისელთა კატეგორიაში შედის (თუ არსებობს საერთოდ ასეთი კატეგორია), რომლებიც ირლანდიის საპატიო მოქალაქის წოდებით სარგებლობენ. ჯეკიზე ამბობენ, რომ მაგარი “დინერ სფიქერია” (ანუ მიახლოებით თამადა), ბობი კი მოკრძალებული, წყნარი და პედანტი ტიპი.

მათ კარიერა თითქმის ერთად დაიწყეს და ერთადვე დაასრულეს. უმაღლეს საკლუბო დონეზე ითამაშეს და მსოფლიო ჩემპიონებიც გახდნენ. მაგრამ ჯონი ჯაილსის დახასიათებით, ეს ორი ადამიანი რადიკალურად განსხვავდება ერთამანეთისგან. ჯაილსი ორივეს

უგო და ლალო მარადონები
კარგად იცნობს, ერთს მანჩესტერიდან, მეორეს ლიდსიდან. ირლანდიელის თქმით, მას და ჯეკის შეეძლოთ უმოწყალოდ ეცემათ ერთმანეთი და ბიგ ჯეკის მეორე დღეს აღარაფერი ეხსომებოდა, ბობი კი პირიქით, პატარა წყენასაც არ ივიწყებდა. ბობი ჩარლტონის შემთხვევას თავისი ახსნა აქვს მიუნხენის ტრაგედიის სახით, რომელიც მას 21 წლის ასაკში გადახდა.

ძმებს, ასეთი განსხვავებული ხასიათის გამო, დიდი მეგობრობა არ აკავშირებდათ. ურთიერთობის გაფუჭებას საბოლოოდ წერტილი 1996 წელს, ჯეკი ჩარლტონის მიერ გამოქვეყნებული ავტობიოგრაფიული წიგნის შემდეგ დაესვა, როცა მან ბობის მეუღლე გააკრიტიკა.

ყველაზე დიდი ჯორდი, სერ ბობი ჩარლტონი დღემდე რჩება ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად. იგი ახლაც კლუბის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ბობიმ სტრეტფორდ ენდი პირველად 56 წლის წინ ნახა და მას შემდეგ ყოველკვირა ტრაფორდზეა. თამადა ჯეკი მშობლიურ ნორთუმბერლენდში, სოფელ მორფეტში ცხოვრობს და სავარაუდოდ, პატარა ძმასთან საუბარი ძალიან ენატრება.

...აიაქსთან 1998-99 წლებში გაჩაღებულმა „ბურების ომმა” საბოლოოდ ის შედეგი გამოიღო, რომ ორივე ძმა ბარსელონაში აღმოჩნდა. ფრანკ დე ბურმა თავის ტყუპისცალ რონალდთან ერთად კარიერა აიაქსში დაიწყო და დღესაც, ორივე ძმა მშობლიურ კლუბში მუშაობს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა აიაქსს არ უღალატა და გასულ ზაფხულს ლივერპულის წინადადებაზე უარი განაცხადა.

ფრანკი, მისი ამსტერდამული, კატალონიური და სანაკრებო კარიერიდან გამომდინარე, ბოლო ოცწლეულის უდავოდ ერთ-ერთი

შოთა და არჩილ არველაძეები
საუკეთესო მცველია. ბარსელონაში გატარებული ორი არცთუ წარმატებული სეზონის შემდეგ, რონალდ დე ბური რეინჯერსში, დიკ ადვოკაატის ჰოლანდიური ლეგიონის წევრი გახდა და კარგი სეზონები ჩაატარა. ტყუპებმა კარიერა ყატარში, ალ-შამალში დაასრულეს.

რეინჯერსს და აიაქსს კიდევ ერთი ძმების ისტორია უკავშირდება – ლაუდრუპების. მიქაელ ლაუდრუპის კარიერა 1981 წელს კოპენჰაგენში იწყება და 1998 წელს ამსტერდამში სრულდება. ახალგაზრდობაში ლივერპულში მიიწვიეს, მაგრამ კონტრაქტის ხანგრძლივობის გამო, ჯო ფეგანის კლუბში გადასვლაზე უარი თქვა. შემდეგ იყო იუვენტუსი, ლაციო და ბარსელონა.

1994 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ძმები ერთმანეთს უნდა დაპირისპირებოდნენ, მაგრამ ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტის გამო, შემადგენლობაში ვერცერთი ვერ მოხვდა. ფინალის შემდეგ (რომელიც ბარსელონამ 4:0 წააგო), ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ კრუიფის მთავარი შეცდომა ლაუდრუპის შემადგენლობიდან ამოგდება იყო, ფეხბურთელის, რომლისაც მას ყველაზე მეტად ეშინოდა.

მიქაელ და ბრაიან ლაუდრუპები
მიქაელ ლაუდრუპს ყველა აღმერთებს, ვისაც მის წინააღმდეგ, ან მასთან ერთად უთამაშია. ყველასთვის სრულყოფილი მოთამაშე იყო, მაგრამ მიშელ პლატინის თქმით, ერთადერთი რამ, რაც მიქაელ ლაუდრუპს, როგორც ფეხბურთელს აკლდა, ეს ეგოიზმის გრძნობა იყო.

მიქაელის უმცროსი ძმის კარიერა ისეთი შთამბეჭდავი არ არის, როგორც მისი, მაგრამ ცალკე აღებული ბრაიან ლაუდრუპი საკმაოდ კარგი ფეხბურთელი იყო. თამაშობდა ბაიერნში, მილანში, ფიორენტინასა და რეინჯერსში. მეტწილად, მისი წარმატებული წლები გლაზგოს უკავშირდება, სადაც არსებობდა ტერმინები “ლაუდრუპის ფინალი”, “ლაუდრუპის სეზონი” და ასე შემდეგ.

ლაუდრუპებმა და დე ბურებმა 2008 წელს მონაწილეობა მიიღეს შოთა არველაძის გამოსათხოვარ მატჩში. დე ბურები, ლაუდრუპები და არველაძეები ერთად იდგნენ მოედანზე. იმ დღეს ორადორი რამ, რაც ეროვნულ სტადიონზე გამართული მატჩის ბოლო წუთებს აკლდა, გადავსებული ტრიბუნები და The National-ის About Today იყო.

კომენტარები