საქართველო-აშშ

ბარაკ ობამამ მიხეილ სააკაშვილს წერილი გამოუგზავნა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პირადად გადასცა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას წერილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულ წერილში კიდევ ერთხელ ხაზგასმით არის აღნიშნული საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.

„ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის დასაცავად და თქვენი ქვეყნის მომავლის ევროპასთან დასაკავშირებლად შეუძლებელია გაკეთებულიყო იმაზე მეტი, ვიდრე ისეთი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვა, როგორიც დაადასტურებდა საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს წარმატებას...

ახლა, როდესაც არჩევნებმა უკვე ჩაიარა, მსოფლიო ხედავს, რომ საქართველომ ეს ეტაპი თქვენი ლიდერობით გადალახა. ეს არის თქვენი დემოკრატიული პროგრესისა და ამ კურსის მიმართ ერთგულება, რაც თქვენი მტკიცე მემკვიდრეობა იქნება. მაშინ, როდესაც არჩევნების შედეგები თქვენთვის და თქვენი მხარდამჭერებისთვის დიდი იმედგაცრუება იყო, ამ შედეგებმა აჩვენა, რომ თქვენი მმართველობის დროს საქართველოში ჩამოყალიბდა მოქნილი და კონკურენტუნარიანი დემოკრატია.

წინსვლისთვის საქართველოს დასჭირდება, რომ თქვენ განაგრძოთ ქვეყნის მართვა და პარლამენტთან და ქართული ოცნების კოალიციის ლიდერებთან ერთად იმუშაოთ, რათა მთავრობის გადაბარებისა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს. თქვენ ერთად გეკისრებათ პასუხისმგებლობა განაგრძოთ თქვენი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება. თქვენმა საჯარო განცხადებებმა არჩევნების შედეგების ცნობასთან დაკავშირებით, დაამტკიცა, რომ თქვენთვის უპირველესი ყველა ქართველის ინტერესის გათვალისწინებაა“. - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას წერილში.

 

კომენტარები