ბრაზილია 2014

საქართველო ფინეთშია

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მესამე შეხვედრას 12 ოქტომბერს, ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ ჰელსინკში, ოლიმპიურ სტადიონზე ჩაატარებს.

გუშინ თბილისიდან საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, გულვერდ თომაშვილი, ირაკლი მაისურაძე და სანდრო გურული გაემგზავრნენ, ასევე აზერბაიჯანის ბაკის მცველი გიორგი ფოფხაძე, მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია და ლეგიონერები კი ჰელსინკში ჩავიდნენ. ჩვენი გუნდი სასტუმრო რედისონში დაბინავდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გორის დილას მცველი დავით კვირკველია ბათუმის დინამოსთან შეხვედრაში დაშავდა და ქეცბაიამ მის ნაცვლად რუსთავის მეტალურგის ნახევარმცველ ირაკლი მაისურაძეს უხმო.

ცნობილია, რომ ფინეთი-საქართველოს შესარჩევ მატჩს უკრაინელი მსაჯები მოემსახურებიან: მთავარი მსაჯი ევგენი არანოვსკი; თანამსაჯები მიკოლა ლევკო და ოლექსი ანდრიევი; მეოთხე მსაჯი ანატოლი აბდულა.

მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებელზე 19.30 საათზე დაიწყება.

კომენტარები