ქართული ოცნება

ირაკლი ღარიბაშვილი: დანაშაულთან მიმართებაში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა შენარჩუნდება

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი მთავრობა დანაშაულთან მიმართებაში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას შეინარჩუნებს. ღარიბაშვილის თქმით, პოლიცია პოლიტიკისგან გათავისუფლდება, ხალხის და ქვეყნის სამსახურში ჩადგება და ვერავითარი კრიმინალი საქართველოში ფეხს ვეღარ მოიკიდებს.

"აქამდე პოლიციის შენობები იყო გამჭვირვალე, თუმცა შიგნით უკანონობა ხდებოდა. ამიერიდან ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ქართველი ხალხის წინაშე, დაგეგმილია ძალიან ბევრი რეფორმა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ იქნება და მე ვარ გარანტი იმისა, რომ ყველა ის პირი, ვინც ხალხს და სამშობლოს კეთილსინდისიერად ემსახურება, თანამდებობაზე დარჩება". - აღნიშნა შს მინისტრობის კანდიდატმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა დანაშაულზე, რაც ბოლო ხანებში ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებელი ამჟამინდელი ხელისუფლებაა.

 

კომენტარები