რუსული ოპოზიცია

НТВ გივი თარგამაძის და სერგეი უდალცოვის შეხვედრის ფარულ ვიდეოჩანაწერს ავრცელებს

5 ოქტომბერს, რუსულმა ტელეკომპანია НТВ მოსკოვში რუსეთის ოპოზიციის აქციებისადმი მიძღვნილი ფილმი - ანატომია 2 - გაავრცელა. ფილმში ნაჩვენებია  საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძისა და რუსეთის მემარცხენე ფრონტის ლიდერის სერგეი უდალცოვის შეხვედრის ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი.
ფილმის თანახმად, სერგეი უდალცოვი  გივი თარგამაძესთან სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციას გადიოდა. НТВ-ეს მტკიცებით, თარგამაძე მემარცხენე ფრონტის ლიდერს სთავაზობდა მისთვის და მისი მხარდამჭერებისთვის ყალბი პასპორტების მომზადებს, ასევე აქციებში რადიკალი ნაციონალისტების (баркашовци) ჩართვას. ფილმში ნათქვამია ისიც, რომ თარგამაძე უდალცოვს ნაცნობი ჩეჩნების გამოყენებას სთავაზობდა საპროტესტო მოძრაობის სასარგებლოდ ერთგვარი ”პროვოკაციების” მოსაწყობად. НТВ-ეს თანახმად უდალცოვი ”ქართველი კურატორებისგან ძალისმიერი აქციების ორგანიზებისთვის თვეში 35 ათას დოლარს იღებს და ეს მხოლოდ დასაწყისია".  
ფილმში ნათვამია ისიც, რომ საქართველოსთან თითქმის მთელი ოპოზიციურად განწყობილი რუსი ჟურნალისტები და ბლოგერები არიან დაკავშირებულნი - ალექსეი ვენედიქტოვი, ევგენია ალბაცი, მიხეილ კოზირევი და რუსტამ ადაგამოვი.
НТВ-ეს მტკიცებით, ოპოზიციას ფინანსურ დახმარებას მოსკოვის ბანკის ყოფილი  პრეზიდენტი  ანდრეი ბოროდინიც უწევდა. ფილმში ბოროდინის საქართველოსთან კავშირზეცაა საუბარი და ნათქვამია, რომ ბოროდინი მზადაა საქართველოში საცხოვრებლად გადავიდეს, თუ ლონდონში დარჩენა არ გამოუვა.
სერგეი უდალცოვმა НТВ-ეს ფილმს ”ბოდვა” უწოდა და კატეგორიულად უარყო რუსეთში საპროტესტო მოძრაობის საზღვარგარეთიდან დაფინანსების ბრალდებები.

კომენტარები