ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების მხარდამჭერებს აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კოალიციის მხარდამჭერებს, რომლებიც სხვადასხვა საოლქო-საარჩევნო კომისიებთან არიან შეკრებილნი, აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

"დღეს ჩვენ ოპოზიციაში აღარ ვართ, ხელისუფლებას წარმოვადგენთ და, როგორც წესი, ოპოზიცია გამოდის ქუჩებში აქციით. ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, ყოველგვარი აქციები შევწყვიტოთ, გადავინაცვლოთ შენობებში, სასამართლოში, პარლამენტში და ყველა გაუგებრობა იქ გადავწყვიტოთ". - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ქართული ოცნების ლიდერის თქმით, ”ქართველმა ხალხმა იმ გმირობისა და ვაჟკაცობის შემდეგ, რაც არჩევნებზე აჩვენა, ხელისუფლებაში ლამაზად გადასვლა უნდა შეძლოს". მისივე თქმით, მაქსიმუმ ერთ თვეში ტექნიკური პროცედურები დასრულდება და კოალიცია ხელისუფლებას ოფიციალურად გადაიფორმებს.

ბიძინა ივანიშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო წევრების შესახებ ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება. ”ახალი მთავრობის შემადგენლობის პროექტი მხოლოდ მე მაქვს და ის ჯერ არც ერთი პირისთვის არ გამიზიარებია”. - განაცხადა ივანიშვილმა.

 

კომენტარები