საქართველო-აშშ

კლინტონი ყველა პარტიას ახალ პარლამენტში კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. კლინტონის განცხადებით, შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს პირველი ოქტომბრის არჩევნებში მშვიდობიან და აქტიურ მონაწილეობას.

”ეს იყო ისტორიული დღე ყველა ქართველისთვის და საქართველოს დემოკრატიული მომავლისათვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო-ს საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის შეფასებას იმის თაობაზე, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფლად დააფიქსირა საკუთარი სურვილი საარჩევნო ყუთებთან. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხმების საბოლოო დათვლა და საჩივრების განხილვა გამჭვირვალედ აწარმოოს.” - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

ჰილარი კლინტონი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ყველა პარტიას ახალ პარლამენტში კონსტრუქციული თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საკეთილდღეოდ.

”ჩვენ მოუთმენლად ველით ახალ პარლამენტთან და აგრეთვე, ახალ კაბინეტთან და საქართველოს პრეზიდენტთან თანამშრომლობას ჩვენი ძლიერი ურთიერთობების გასამყარებლად და ქართველი ხალხის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად". - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.

 

კომენტარები