არჩევნები 2012

თაქთაქიშვილი ქართული ოცნების წარმომადგენელთა მხრიდან ამომრჩეველთა ზეწოლაზე საუბრობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერმა, ნაციონალური მოძრაობის მედიაცენტრში ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ნაციონალური მოძრაობის უბანზე მოწვევის კამპანია ისე შეაფასოს, თითქოს ეს რაიმე კანონდარღვევა იყოს. „მე მინდა ძალიან ცალსახად განვაცხადო, რომ ქართულ ოცნებას ეს მცდელობა ნამდვილად არ გამოუვა, სწორედ იმიტომ რომ ეს პროცესი არის გამჭვირვალე და სწორედ გამჭვირვალობაა ის, რითაც ჩვენ გამოვირჩევით ამ პოლიტიკური გუნდისაგან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საზოგადოებას ქონოდა ამომწურავი ინფორმაცია ამ კამპანიის შესახებ. დღეს დილიდან ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდე ჟურნალისტებს ამის თაობაზე. გუშინაც ჩატარდა ბრიფინგი. ეს არის კანონთან სრულ შესაბამისობაში. წინასწარ იდენტიფიცირებულ ამომრჩეველს ეკონტაქტებიან ჩვენი მომხრეები იმისთვის, რომ შეახსენოს არჩევნებზე მოსვლა, ეს არის გავრცელებული პრაქტიკა დასავლურ ქვეყნებში მაგალითად, აშშ–ში.“ – განაცხადა თაქთაქიშვილმა.
მისი თქმით ნაციონალურმა მოძრაობამ სპეციალური ზომები მიიღო, რომ ქართული ოცნების მხრიდან ეს პროცესი პროვოკაციებისთვის არ ყოფილიყო გამოყენებული. თაქთაქიშვილმა „ქართული ოცნების“ მომხრეების მხრიდან დარღვევებზეც ისაუბრა. 
„თქვენ იცით რომ ჩვენ ავუკრძალეთ მომხრეებს პარტიული მაისურების ჩაცმა, თქვენ იცით რომ ჩვენ დავავალეთ ჩვენს მოხალისეებს დისტანცია დაიცვან სხვა პოლიტიკური ძალების აქტივისტებისა თუ მხარდამჭერებისგან, თუკი ისინი არიან საარჩევნო უბნის გარეთ. მიუხედავად ამისა ჩვენ გვაქვს შემთხვევები როდესაც სწორედ ქართული ოცნების მხრიდან სხვადასხვა რაიონში ადგილი აქვს ერთი და იგივე ტიპის საქმიანობას. მე შემიძლია მხოლოდ რამდენიმე ტიპის მაგალითი მოგიტანოთ, ეს გახლავთ ნაძალადევის რაიონში ნომერი 53–ე და 54–ე საარჩევნო უბნები, თბილისის მეშვიდე საარჩევნო ოლქში, ეს გახლავთ ჩუღურეთის რამდენიმე საარჩევნო უბანი, ისნის 75–ე საარჩევნო უბანი, სადაც ქართული ოცნების წარმომადგენლები, ზოგიერთი მაისურებსაც ატარებს, ახორციელებენ ზეწოლას ამომრჩევლებზე. ესეთი შემთხვევა დაფიქსირდა არა მხოლოდ ქალაქ თბილისში, არამედ რაიონებშიც მაგალითად გორში, მაგალითად ზუგდიდში, როდესაც მათი მხრიდან ხდება ძალიან აშკარა ზეწოლა ამომრჩეველზე, მაგალითად ასეთი განცხადებებით „თუ არ შემოხვალთ და შემოხაზავენ 41–ს ძალიან მძიმე ფასს გადაიხდიან ამომრჩევლები“
ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით ასეთი ქმედებები ხელს არ უწყობს საარჩევნო დღის მშვიდობიანად ჩავლას. 
მან ჟურნალისტებს კიდევ ერთი, დაუზუსტებელი ფაქტი გააცნო, რომლის შესახებაც ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერი მომავალში გაავრცელებს ინფორმაციას. 
„ერთი ფაქტი შემოვიდა, ბოლო პერიოდში, მიმდინარეობს ახლა სწორედ ამ ინფორმაციის გადამოწმება და მე ძალიან მინდა, რომ თქვენ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია მოგაწოდოთ. მოგვიანებითაც გავავრცელებთ ინფორმაციას, საქმე ეხება ფოთში, მეშვიდე საარჩევნო უბანს, როდესაც ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერას, იული გვანია სცემეს. მე ვამოწმებ ამ ინფორმაციას, თქვენ იცით რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ფუნქციონირებს დარღვევებზე სწრაფი მექანიზმი, სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გადავამოწმებთ ამ ინფორმაციას და მოგაწვდით.“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერმა.

კომენტარები