არჩევნები2012

სააკაშვილი: ჩვენი ხალხი ყველა გადამწყვეტ მომენტში იღებდა სწორ გადაწყვეტილებას

საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მთაწმინდის ოლქის მე-19 საარჩევნო უბანზე სააკაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.

პრეზიდენტის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ამომრჩეველი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს:

„დღევანდელი დღე არის ისტორიული საქართველოსთვის - დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ბედი. იმისი, რომ საქართველომ იაროს წინ და აღარასდროს დაბრუნდეს უკან წარსულში, იმისათვის, რომ ჩვენი მომავალი თაობები გაიზარდონ უკეთეს ქვეყანაში და მათი ბედი უკან ვერავინ ვერ შეატრიალოს.

მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ჩვენი ხალხი ყველა გადამწყვეტ მომენტში იღებდა სწორ გადაწყვეტილებას. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი ერისთვის, ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოებისთვის. როგორც არასდროს ვარ დარწმუნებული ჩვენი ხალხის სიბრძნეში, შორსმჭვრეტელობაში, გამჭრიახობაში, გონიერებასა და გამბედაობაში. ეს არის არჩევანი, რომელიც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ამ თაობის, არამენდ მრავალი შემდეგი თაობის ცხოვრებაზე, არა მხოლოდ შემდეგი ოთხი წლის, არამედ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, დღეს იქნება მაღალი დონის აქტიურობა, მაღალი დონის სამოქალაქო შეგნების გამოხატულება. მე არ ვლაპარაკობ პარტიების გამარჯვებაზე, საქართველო, ქართველი ერი, აუცილებლად, ყოველ მიზეზს გარეშე გაიმარჯვებს. როგორც ეს იყო და უნდა იყოს ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში“ - განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები