არჩევნები 2012

ივანიშვილი ხმის მიცემის უფლებას არ გამოიყენებს

ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებას და 1 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემაზე უარს ამბობს.

ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.

"ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებებით სარგებლობას და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების გამოყენებას, მაგრამ ის თავის მეუღლეს წაჯყვება ხმის მისაცემად, რომელიც სოლოლაკის ოლქშია რეგისტრირებული", - განმარტა ფანჯიკიძემ.

საქართველოს კონსტიტუციაში 22 მაისს შეტანილი შესწორებების თანახმად, "2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებულნი არიან და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის აქვთ ევროკავშირის მოქალაქეობა".

ქართული ოცნების ლიდერ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა გასული წლის ოქტომბერში ჩამოართვეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამის მიზეზადმის მიერ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება დაასახელა და განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას. თავად ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივით ხსნის და უკანონოდ მიიჩნევს. სწორედ ამ მიზეზით კოალიციის ლიდერმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თავისი უარყოფითი პოზიცია თავიდანვე დააფიქსირა.

 

კომენტარები