ქართული ოცნება

ივანიშვილის მრჩეველი ხელისუფლებას კიბერშეტევის განხორციელებაში ადანაშაულებს

ბიძინა ივანიშვილის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში პოლ ჯოელმა 30 სექტემბერს განაცხადა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ რამდენჯერმე განხორციელდა კიბერშეტევა ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების კომპიუტერებზე, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია.

"2012 წლის ივნისში თავი იჩინა პრობლემებმა. ეს პრობლემები გამომჟღავნდა მაშინ, როდესაც ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების პირადი ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა Youtube-ის მსგავს საიტებზე. კერძოდ, საუბარია იმ ვიდეოზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ცეკვავენ ერთ-ერთ ღონისძიებაზე. შემდეგ დავიწყეთ გამოძიება, რომ უშუალოდ გაგვეგო შიგნიდან იყო გასული ეს ვიდეოები თუ გარედან. აღმოჩნდა, რომ გარედან იყო. ამის შემდეგ ჩვენ ქართული ოცნებისა და ივანიშვილების ოჯახის კომპიუტერებში აღმოვაჩინეთ ვირუსი "მალვეა", რომელიც თავისით აკეთებდა ყველაფერს. პირველ ეტაპზე ხუთ კომპიუტერში გამოვავლინეთ 70 ტიპის "მალვეა", ხოლო შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მთლიანობაში "ქართული ოცნების" კომპიუტერების 25 პროცენტი იყო ვირუსის ქვეშ. "მალვეა" თავისით "ხედავდა" ეკრანზე გამოსულ ინფორმაციას, აკეთებდა სქრინშოტს, უღებდა ფოტოს, ავტომატურად რთავდა ვიდეოკამერას და ვიდეოთვალსაც", - მოჰყავს სააგენტო ინტერპრესნიუსს პოლ ჯოელის განცხადება.

მისივე თქმით, აგვისტოს ბოლოს "ქართული ოცნების" კომპიუტერებში ახალი "მალვეა" შევიდა და მისი ტიპიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობის გარეშე კომპიუტერები ვერ დავირუსდებოდა. ჯოელის განმარტებით, სახელმწიფო უწყებების საიტებზე განთავსებულია ბოტნეტები, რომლებიც იმავე ენით არის დაწერილი, რაც "მალვეა" და ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ მთავრობა ამასთან კავშირშია.

"მას მიერთებული ჰქონდა ერთი პატარა დეტალი, რომელიც ვრცელდებოდა მთელ ქსელში. კომპიუტერული დეტალების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ამაში მთავრობა იყო ჩართული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სრულიად ნათელია, რომ ის აუდიომასალები, რომელიც გავრცელდა იყო ყალბი და აღებული იქნა იმ ვირუსული ჩანაწერებიდან, რომელიც "მალვეათი" განხორციელდა", - განაცხადა პოლ ჯოელმა.

ამასთან პოლ ჯოელის ინფორმაციით, გუშინ საღამოს გატეხეს ბერა ივანიშვილის გვერდი Facebook-ზე, სადაც ატვირთული იქნა სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია და ფოტოები.

კომენტარები