არჩევნები 2012

ნაციონალური მოძრაობა „ამომრჩეველთა მოწვევის კამპანიას“ განახორციელებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხვალ, 1 ოქტომბერს, ამომრჩეველთა მოწვევის კამპანიას განახორციელებს. ამის შესახებ, სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, დღეს „ნაციონალების" პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა ამომრჩევლის მობილიზაციისა და მოწვევის კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერების ავტოტრანსპორტით უზრუნველყოფასაც გეგმავს, თანხები კი მოძრაობის საარჩევნო კამპანიის ფონდიდან იქნება გაღებული.

"ქართული ოცნების მხრიდან პოლიტიკურ ნიადაგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და სხვა ნეიტრალური ადამიანების მიმართ თავდასხმების ფაქტებმა იმატა. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მაქსიმალურად მშვიდობიანი იყოს. სწორედ ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ მთელი რიგი წესები, რათა ამომრჩეველთა მოწვევის კამპანიის ფარგლებში რაიმე სახის დაძაბულობა თავიდან ავიცილოთ", - აღნიშნა თაქთაქიშვილმა.

მისი თქმით, კამპანიაში ჩართული "ნაციონალების" მოხალისეები და კოორდინატორები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებიან, რათა გონივრული დისტანცია დაცული იყოს; ამასთან, კამპანიაში ჩართულ პირებს პარტიის სიმბოლიკიანი მაისურები არ ეცმევათ და არ ექნებათ მოძრაობის სააგიტაციო მასალები; ისინი დაიცავენ დისტანციას, თუ მსგავსი კამპანია სხვა პოლიტიკურ პარტიასაც ექნება, რათა ნებისმიერი სახის დაპირისპირება თავიდან იქნეს აცილებული; მათ კონკრეტული მითითება მიეცათ, რათა კანონის მოთხოვნები დაიცვან, პროვოკაციებს არ აყვნენ და მაქსიმალური სიმშვიდე შეინარჩუნონ.

"ნაციონალების" პრესსპიკერმა მოძრაობის მხარდამჭერებს მოუწოდა, საარჩევნო უბნებზე პარტიის სიმბოლიკიანი მაისურებით არ გამოცხადდნენ.

ჩიორა თაქთაქიშვილის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია ერთ-ერთი ყველაზე შეჯიბრობითი, კონკურენტიანი და პლურალისტური იყო.

 

კომენტარები