მიხეილ სააკაშვილი

"მითი, რომ ნაციონალურ მოძრაობას თბილისში დასაყრდენი არ აქვს, დაიმსხვრა"

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მითი იმის შესახებ, თითქოს ნაციონალურ მოძრაობას დედაქალაქში სერიოზული დასაყრდენი არ აქვს, გუშინდელი შეკრებით დაიმსხვრა. ამის შესახებ, სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, პრეზიდენტმა დღეს, ფოთში სტუმრობისას განაცხადა, სადაც საკათედრო ტაძარი დაათვალიერა.

"თბილისში გუშინ გვქონდა გრანდიოზული შეკრება, რეგიონებიდან წამოვიყვანეთ ძალიან ცოტა ხალხი, ყველა რეგიონიდან სიმბლურად 200-300-500, მაქსიმუმ 1500 კაცი. მინდოდა ეს ყოფილიყო ძირითადად თბილისელების შეკრება, რადგან მითი იმის შესახებ, რომ ნაციონალურ მოძრაობას და იმ კურსს, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, საქართველოს დედაქალაქში სერიოზული დასაყრდენი არ აქვს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მან უშუალოდ ფოთის რეაბილიტაციის გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქში წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემა, ისე როგორც გზების, პრობლემა აღარ იქნება.

"დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დასრულდა ფოთის საკათედრო ტაძრის ხელახლა მშენებლობა, სადაც კომუნისტების დროს თეატრი იყო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ფოთში უახლოეს ერთ კვირაში ახალი მეტალურგიული საწარმო გაიხსნება.

ფოთის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში ჩავიდა, სადაც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებით, საქართველოში ვერასოდეს მოვა ისეთი მთავრობა, რომელსაც მეტად ენდომება ბათუმის და აჭარის განვითარება, ვიდრე ამ ჩვენს მთავრობას სურს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ აღმშენებლობა, რომელიც მიმდინარეობს, შეჩერდეს. "ამიტომ გვინდა თქვენი დახმარება, რათა ეს სასწაული, რომელსაც ერთად ვქმნით, არავინ შეაჩეროს. პოლიტიკა, რომელიც ვინმეს გამილიონერებას ემსახურება, უზნეოა. მეტი სამუშაო ადგილი და მეტი სარგებელი ხალხისთვის არის პოლიტიკა, რომელიც მე მესმის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ნიჭზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს წარმოუდგენელი ტალანტები ჰყავს, რომლებიც და ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე დგანან. მისივე თქმით, დადგა ეპოქა, როდესაც ასეთი ტალანტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებშიც გაიზრდებიან. "ჩვენი მთავარი მიზანია, ბავშვებს მსოფლიოში საუკეთესო განათლება მივცეთ. დიპლომს, რომელსაც ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გასცემს, არის პრესტიჟული მსოფლიო მასშტაბით. ასევე გავაკეთებთ ყველგან უნივერსიტეტებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დაწყებულია ძალიან დიდი კურორტის მშენებლობა მაღალმთიან აჭარაში,“რათა სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით მივიღეთ, ჩვენს შვილებს არ გადავცეთ“.

ასევე, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანი ბოლომდე იყოს დაცული და „უნდა შევინარჩუნოთ კრიმინალთან ბრძოლის ის დონე, რომელიც გვაქვს“.

„ბათუმში ახალ სამ საავადმყოფოს გავხსნით უახლოეს დღეებში და ყველა ადამიანის ჯანდაცვა იქნება უზრუნველყოფილი. ეს ყველაფერი უცხოელებისთვის არ მინდა. ჩემი სათაყვანებელი ჩემი ხალხია და ყველაფერი, გადამზადების ცენტრებით, საავადმყოფოებით, ახალი სკოლებით, უნივერსიტეტებით დაწყებული და ჩემი სიცოცხლით დამთავრებული, თქვენ გეძღვნებათ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ლევან ვარშალომიძეს, რომელსაც "ლაპარაკზე უკეთ საქმის კეთება ეხერხება", დაფიცებული აქვს, რომ ბათუმში "ბარაკები" აღარ იარსებებს და მთელს აჭარაში ყველა ოჯახს ღირსეული საცხოვრებელი ექნება.

ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" წიანსაარჩევნო შეხვედრაზე გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა, მარიამ წიკლაურმა რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

 

კომენტარები