ოკუპირებული ტერიტორიები

შსს: საოკუპაციო ძალებმა ქართველი პოლიციელი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებს. უწყების ინფორმაციით, წუხელ ღამით შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი მოგელი ტოლიაშვილი, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. ქართველი პოლიციელი რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედროებმა საჩხერის რაიონის სოფელ პერევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

შეგახსენებთ, ცხინვალის რეჟიმმა ქართული მხარე სასაზღვრო საგუშაგოზე თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც სააგენტო ინტერფაქსი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშრობის კომიტეტზე დაყრდნობით იუწყებოდა, გუშინ დილის 3:40 საათზე ქართულმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა ოსურ საგუშაგოს სოფელ კარზმანის მიდამოებში. „სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებს“ საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნიათ. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კი მათ საქართველოს შსს-ს თანამშრომელი დააკავეს.

ტაბულასთან საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განაცხადა, რომ ინციდენტის რაიმე სხვა დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს. მისი თქმით, სპეციალურ განცხადებას ამ საკითხზე მოგვიანებით საგარეო უწყება გააკეთებს.

 

კომენტარები