არჩევნები2012

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი:"უკან ნუ დაბრუნდებით"

27 სექტემბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო აქციის მონაწილეებს მიმართა და მოუწოდა, არ დაუშვან შეცდომა და არ დაბრუნდნენ წარსულში.

პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც გვერდზე მიხეილ სააკაშვილი ედგა, აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ უნგრელი ხალხის გარდა, ის მათ ევროპის ხალხთა პარტიისა და ევროპის სახელითაც ესალმება.

„ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას, რათა პოსტ-კომუნისტური ქვეყანა ევროპულ ქვეყნად შეგეცვალათ... შედეგები მარტივად არ მოდის, მაგრამ არსებობს მხოლოდ ერთი შეცდომა, რომელიც შეიძლება დაუშვათ და ჩვენ ეს შეცდომა უნგრეთში დავუშვით. რამოდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ, შემოვბრუნებულიყავით და მივბრუნებულიყავით წარსულისკენ. თუ თქვენ საკმაოდ მტკიცედ ხართ ჩამოყალიბებულები, გჯერათ თქვენი ხელმძღვანელობის, მხარს უჭერთ თქვენს მთავრობას და პრეზიდენტს, შეძლებთ იყოთ წარმატებული. მაგრამ თუ ცდუნებას აყვებით, რომ უკან დაბრუნდეთ, ეს ნამდვილი შედომა იქნება. რა თქმა უნდა, ეს თქვენი არჩევანია... მაგრამ დამიჯერეთ, როგორც უნგრელ მეგობარს - ნუ დაბრუნდებით უკან, ირწმუნეთ საკუთარი თავის, თქვენი ხელმძღვანელობის და თქვენი საქმე გააკეთეთ.“– განაცხადა უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა.

ვიქტორ ორბანმა აქციის მონაწილეებს ასევე უთხრა, რომ საქართველოს მრავალი მეგობარი ყავს მსოფლიოს გარშემო, მას მხარს უჭერენ ევროპაში: „მინდა გთხოვოთ, შეინარჩუნოთ თქვენი ქვეყანა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“.

თავის მხრივ, სააკაშვილმა თქვა, რომ მას არ ახსოვს საქართველოს ისტორიაში შემთხვევა, როცა ასეთი ტიპის შეხვედრაზე ამ დონის ლიდერი გამოსულა და ქართველი ხალხისთვის უთქვამს, რომ საქართველოს არჩევანი - ეს ევროპის არჩევანია. „მთელი მსოფლიო გვიყურებს, რომ არ დავბრუნდეთ უკან“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ორ დღიანი ვიზიტით იმყოფება.

 

კომენტარები