რელიგია

ქრისტიანთა გეოგრაფია

რა მოსდის ქრისტიანობას იმ რეგიონებში, სადაც ის იშვა, სადაც ცივილიზაციების წარმოქმნას შეუწყო ხელი და სადაც არასდროს ყოფილა ტრადიციული რელიგია? კვლევები აჩვენებს, რომ გლობალიცაზიასთან ერთად, ქრისტიანობის გავრცელების არეალები იცვლება და დადგა დრო, როცა ყველაზე გავრცელებული რელიგიის გეოგრაფიაზე ჩვენს წარმოდგენებში კორექტივები უნდა შევიტანოთ.

როგორც Pew Forum-ის კვლევა ცხადყოფს, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა დაიბადა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, დღეს იქ ქრისტიანთა ყველაზე მცირე რაოდენობა ცხოვრობს, ვიდრე ნებისმიერ სხვა მსხვილ გეოგრაფიულ რეგიონში – დაახლოებით 1%. აქედან ნახევარი სუდანსა და ეგვიპტეზე მოდის. დამძიმებული სიტუაციის გათვალისწინებით, რაც ამ რეგიონებში ქრისტიანთა სისტემატური დევნის გამოა შექმნილი, მათი კიდევ უფრო შემცირება გამორიცხული არ არის.

ქრისტიანები ბოლო დროს გახშირებული თავდასხმების გამო დასავლეთში მიგრაციას განაგრძობენ. ერთი კვირის წინ, ლიბანში ვიზიტით მყოფმა რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ რეგიონში მცხოვრებ ქრისტიანებს მოუწოდა, რეგიონი არ დატოვონ. მან ინტერრელიგიური დიალოგის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი და მუსლიმურ-ქრისტიანული მეგობრობის აღდგენას შეეცადა, თუმცა რელიგიური ლიდერების მოწოდებები, მაგალითად, ერაყის ასირიულქალდეური თემისთვის, ბევრს ვეღარაფერს შეცვლის – ის მეოცე საუკუნიდან დღემდე, 20%-დან 5%-მდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის ხუთი უძველესი საპატრიარქოდან – რომი, კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი – უკანასკნელი ოთხი, ახლო აღმოსავლეთის არაქრისტიანულ და ზოგჯერ ქრისტიანობისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნებში მდებარეობს.

ბეთლემი, სადაც ქრისტე იშვა და რომელიც წლების მანძილზე ითვლებოდა უმთავრესად არაბი ქრისტიანებით დასახლებულ ადგილად, დღეს მხოლოდ 15%-ით არის ქრისტიანული. როცა 1948 წელს ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა, იერუსალიმის მოსახლეობის 15% ქრისტიანული იყო, ხოლო დღეს იქ ქრისტიანთა რაოდენობა 1,5%-ს შეადგენს. ქრისტიანთა რაოდენობა მცირდება როგორც იმ ადგილებში, სადაც ქრისტიანული სიწმინდეები მდებარეობს, ისე მთელ ახლო აღმოსავლეთში. მუსლიმური ქვეყანა ინდონეზიაც კი უფრო მეტი ქრისტიანის საცხოვრებელი ადგილია, ვიდრე ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის 20 ქვეყანა ერთად აღებული.

მსოფლიოში ტრადიციული ქრისტიანული კონფესიების გავრცელების არეალიც შეიცვალა. აფრიკულ ნიგერიას დღეს უკვე ორჯერ მეტი პროტესტანტული მოსახლეობა ჰყავს, ვიდრე გერმანიას – მარტინ ლუთერისა და რეფორმაციის სამშობლოს. ბრაზილიას კი ორჯერ მეტი რაოდენობის კათოლიკური მოსახლეობა ჰყავს, ვიდრე იტალიას. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები მსოფლიო მოსახლეობის ერთ მესამედს წარმოადგენენ, ისინი მსოფლიოს 158 ქვეყნის საზოგადოებათა ორ მესამედს შეადგენენ. ქრისტიანთა მხოლოდ მეათედი ცხოვრობს პლანეტაზე, როგორც უმცირესობა.

მსოფლიოში 2 მილიარდ 180 მილიონი ქრისტიანი ცხოვრობს. ისინი მსოფლიო მოსახლეობის მესამედს შეადგენენ. ქრისტიანობა პლანეტის ყველაზე მსხვილი რელიგიაა. ასი წლის წინ, 1910 წელს, ქრისტიანთა უმრავლესობა – ორი მესამედი, ევროპაში ცხოვრობდა. დღეს ამ კონტინენტზე ქრისტეს მიმდევართა მხოლოდ ერთი მეოთხედი ცხოვრობს. ხოლო უმრავლესობის, მესამედზე მეტის სახლი ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაშია. სამხრეთ საჰარის ქვეყნებში დღეს დაახლოებით იმავე რაოდენობის ქრისტიანი ცხოვრობს, რამდენიც ევროპაში და მხოლოდ ერთი მერვედი ცხოვრობს აზიასა და წყნარი ოკეანეთის რეგიონში. ქრისტიანები წარმოადგენენ მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით იმავე წილს, რამდენსაც წარმოადგენდნენ ასი წლის წინ – 35% 1910 წელს, 32% 2010 წელს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპა და ამერიკა დღესაც ქრისტიანთა 63%-ის სახლია, მათი წილი პლანეტის ამ ნაწილში გაცილებით მცირეა, ვიდრე ასი წლის წინ იყო, როცა აქ ქრისტიანთა 93% ცხოვრობდა. ქრისტიანი ევროპელების წილი ოცი ნიშნულით არის შემცირებული, ხოლო ჩრდილო და სამხრეთამერიკელი ქრისტიანები 10%-ით ნაკლები არიან, ვიდრე მეოცე საუკუნის დასაწყისში.

ამავდროულად, ქრისტიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა სამხრეთ საჰარისა და აზიურ-წყნაროკეანურ რეგიონებში. ასი წლის მანძილზე აფრიკის სამხრეთით ქრისტიანთა რაოდენობა 9%-დან 63%-მდე გაიზარდა, ხოლო აზიურ და წყნაროკიანურ რეგიონებში 3-დან 7%-მდე. ქრისტიანთა თითქმის ნახევარი კათოლიკეა, პროტესტანტები, ამ მიმდინარეობის ფართო გაგებით, წარმოადგენენ 37%-ს. ხოლო მართლმადიდებლები ქრისტიანთა მხოლოდ 12%-ს შეადგენენ.

ქრისტიანთა თითქმის ნახევარი 10 ქვეყანაში ცხოვრობს: ტოპ სამი ქვეყანა ამერიკის კონტინენტზე მდებარეობს (აშშ, ბრაზილია და მექსიკა), ორი მათგანი ევროპაში (რუსეთი და გერმანია), ორი აზიასა და წყნარ ოკეანეთში (ფილიპინებსა და ჩინეთში), ხოლო სამი აფრიკაში, საჰარის სამხრეთით (ნიგერია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ეთიოპია), რაც ქრისტიანობას გლობალურ რელიგიად აქცევს.

Pew Forum-ის კვლევა გვანახებს, რომ შეცვლილია პლანეტის გლობალური ჩრდილოეთისა და გლობალური სამხრეთის ქრისტიანული მოსახლეობის რუკაც. დღეს დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში ქრისტეს მიმდევართა უმრავლესობა – 61% ცხოვრობს.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები სამხრეთ ნახევარსფეროში უფრო მრავალრიცხოვანნი არიან, მათი კონცენტრაცია ჩრდილოეთში გაცილებით მეტია, სადაც მოსახლეობის 69% ქრისტიანია. საპირისპიროდ, ქრისტიანები სამხრეთ ნახევარსფეროს მოსახლეობის მხოლოდ 24%-ს წარმოადგენენ. ეს კარგად ასახავს იმ ფაქტს, რომ მოსახლეობა ეკვატორის სამხრეთით 4.5-ჯერ მეტია, ვიდრე ჩრდილოეთით.

კომენტარები