სასჯელაღსრულების სისტემა

სააკაშვილი: ციხეში მომხდარი დანაშაული „სისტემური მარცხია“

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის ციხეებში გამოვლენილ ძალადობის ფაქტებს „სისტემური მარცხი“ უწოდა და პენიტენციური სისტემის სრული გარდაქმნის განკარგულება გასცა. მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციურ სისტემაში სიტუაციის მოწესრიგება პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილს დაავალა. პრეზიდენტის განკარგულებით, დღეიდან ციხეებში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უნდა შევიდნენ, რომლებიც დროებით სასჯელაღსრულების თანამშრომლებს ჩაანაცვლებენ.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა 19 სექტემბერს პრემიერთან, იუსტიციის მინისტრთან და მთავარ პროკურორთან შეხვედრისას განაცხადა. 

მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ პრეზიდენტს მოახსენა, რომ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს და ათ თანამდებობის პირზე მეტია დაკავებული, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გლდანის მე-8 საპყრობილის დირექტორი და მისი მოადგილე. სულ ამ საქმეში, მისი თქმით, 12 ეჭვმიტანილია.

პრეზიდენტმა ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება პროკურატურის მუშაობით გამოთქვა: „აქამდე სად იყო პროკურატურა? ამდენი თვე, ამდენი დღე ამხელა ჯგუფი, სრული მანიაკები, დაუსჯელად მოქმედებდნენ, დაუსჯელად ცემდნენ და ამცირებდნენ ხალხს... ჩვენ ამაზე გამოძიება მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ“.

მისი თქმით, „წარმოუდგენელია ასეთი რამ, ამ მასშტაბით და ამ დროის მანძილზე რომელიმე სხვა სახელმწიფო ორგანოში, რეალურად, მოხდა სისტემური მარცხი“.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიციისგან, საბაჟოსგან და სხვა სტრუქტურებისგან განსხვავებით, პენიტენციური სისტემა მხოლოდ ნაწილობრივ იქნა რეფორმირებული. და, როგორც აღმოჩნდა, ცვლილებები ძირითადად „გარეგნული სახის“ გამოდგა და „მთავარი რაღაც აღმოჩნდა ისეთივე საზიზღარი, როგორც ძველ დროს იყო“.

„ძალიან კარგად მესმის, რომ ეს არის კომპრომატების ომი, მაგრამ პოლიტიკა ყველაზე ნაკლებად მაღელვებს. ის, რასაც ვუყურეთ, ცდება ყველანაირი პოლიტის საზღვრებს. ვიცი რომ ფულიც ტრიალებს, დადგენილია რომ ეს ყველაფერი მომზადებულია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? შენ არ უნდა მისცე საბაბი და სუსტი წერტილი შენ არ უნდა გიპოვონ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მის განცხადებით, როგორი ნულოვანი ტოლერანტობა არის დანაშაულის მიმართ, ასეთივე ნულოვანი ტოლერანტობა უნდა იყოს ადამიანის უფლებების ნებისმიერი დარღვევს მიმართ.

პრეზიდენტის განცხადებით, სისტემა „მთლიანად გასაუქმებელია“ და მისი რეორგანიზაცია უნდა მოხდეს, იმის მსგავსად, როგორც თავის დროზე პოლიციაში. მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური სისტემის რეფორმირება პრემიერ-მინისტრს დაავალა.

პრეზიდენტმა მერაბიშვილს ციხეებში, დროებითი ზომის სახით, პოლიციის პატრულის თანამშრომლების შეყვანა დაავალა, სანამ პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა გადამზადება მოხდება.

მიხეილ სააკაშვილმა მხარი დაუჭირა პენიტენციურ სისტემაში მომხდარი დანაშაულებების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნას, ასევე ციხეებში სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის გაძლიერებას. ასევე, მისი თქმით, საპატიმროებში პირობები უნდა გაუმჯობესდეს, სისტემა უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს, გაფართოვდეს პრობაციის სისტემა, რათა ციხეები განიტვირთოს.

პრეზიდენტმა ასევე განკარგულება გასცა, პატიმრების ახლობლებისათვის რიგგარეშე პაემნები მოეწყოს, რათა ყველა მათგანმა საკუთარი ახლობლის ნახვა შეძლოს.

თავის მხრივ, ვანო მერაბიშვილმა პირობა დადო, რომ სისტემა შეიცვლება და ადამიანის უფლებები ციხეებში დაცული იქნება. „დღეიდან ვიღებ პასუხისმგებლობას თითოეული პატიმრის უსაფრთხოებაზე. ადამიანის უფლებები დაცული იქნება და პირობები გაუმჯობესდება, ამაში უშუალოდ ჩავერთვები. პოლიციაში წამება აღვკვეთეთ, გარანტიას გაძლევთ, ძალიან მოკლე ვადაში სასჯელაღსრულების სისტემა გახდება ისეთი, როგორიც ეკადრება დღევანდელ საქართველოს“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

 

კომენტარები