ფეხბურთი ფრაზებში

გაკვეთილებიდან გამოცდებამდე

დავით კვირკველია , რობერტო სოლდადო და ალექსანდრე ალისულაშვილი

დავით კვირკველია , რობერტო სოლდადო და ალექსანდრე ალისულაშვილი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევში პირველი ორი შეხვედრა ჩაატარა: 7 სექტემბერს ბელარუსს 1:0 სძლია, 11-ში კი ამავე ანგარიშით დამარცხდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ესპანეთთან.

საწყისი ორი ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი 3 ქულით მესამე ადგილზეა, ჯგუფს კი 4 ქულით დიდიე დეშამის საფრანგეთი ლიდერობს.

12 ოქტომბერს თემურ ქეცბაიას გუნდი ფინეთს ესტუმრება, ბელარუსები კი ესპანელებს დაუხვდებიან. ოთხი დღის შემდეგ, 16 ოქტომბერს, ჩვენი ეროვნული მინსკში ითამაშებს, ვისენტე დელ ბოსკეს ესპანეთი კი შესარჩევის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში საფრანგეთს უმასპინძლებს.

ბელარუსი 1:0

საქართველოს ნაკრებმა მატჩი 4-2-3-1 ტაქტიკური განლაგებით დაიწყო. მეკარე გიორგი ლორიას წინ, დაცვის ცენტრში ალექსანდრე ამისულაშვილი და ზურაბ ხიზანიშვილი თამაშობდნენ, ფლანგებზე გია გრიგალავა და გურამ კაშია, მცველთა წინ კი საყრდენი ნახევარმცველები ბუბა დაუშვილი და ნაკრების ახალი კაპიტანი ჯაბა კანკავა იდგნენ. ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარდს ლევან მჭედლიძეს ცენტრიდან ჯანო ანანიძე ეხმარებოდა, მარცხენა ფლანგიდან თორნიკე ოქრიაშვილი, მარჯვნიდან კი ტრადიციულად, დავით თარგამაძე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა თამაში მოიგო, ძნელია იმის თქმა, რომ ამ განლაგებამ გაამართლა: პირველი ტაიმის საწყის წუთებში გიორგი კონდრატიევის გუნდი რამდენიმე პასით არღვევდა ჩვენს დაცვას და ზედიზედ ქმნიდა სახიფათო მომენტებს. მათ იერიშებს, სამწუხაროდ, თან ერთვოდა ქართველი უკანახაზელების გაუმართლებელი უხეშობა საჯარიმოს ხაზთან.

თუ ცენტრალური მცველები საიმედონი იყვნენ, განაპირებზე, განსაკუთრებით კი გია გრიგალავაზე იმავეს თქმა ძნელია. ის პირველ ტაიმში რამდენჯერმე უხეშად შეცდა, რასაც ლორიას კარში ძალიან სახიფათო დარტყმები მოჰყვა. პოზიციური შეცდომების გარდა გრიგალავა ხშირად უმისამართოდ იგერიებდა ბურთს. ეს ხარვეზი თემურ ქეცბაიამ ზუსტად შენიშნა – მეორე ტაიმში მარცხენა მცველს დათო კვირკველია დაახმარა, რომლის გამოსვლის შემდეგ მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა.

დაუშვილი-კანკავას წყვილმაც უკეთესის სურვილი დატოვა. ნაკრების კაპიტანმა ტაიმებში თითოჯერ სახიფათოდ შეუტია ბელარუსთა კარს და ბუბამაც ერთი-ორჯერ კარგად შეაჩერა შეტევა, მაგრამ საერთო ჯამში ისე ჩანდა, თითქოს შეუთანხმებლად მოქმედებდნენ – ბურთის დაუფლების შემდეგ პარტნიორის მოძებნა უჭირდათ. თუმცა სწრაფი გათამაშების არცოდნა მხოლოდ ამ ორი ფეხბურთელის ნაკლად ვერ ჩაითვლება – სამწუხაროდ, ეს ჩვენს ეროვნულს კარგა ხანია ახასიათებს.

ოქრიაშვილი-ანანიძე-თარგამაძის შემტევი სამეულიდან საუკეთესო უდავოდ თორნიკე იყო. დონეცკის შახტარის ფეხბურთელი, რომელიც დღეს მარიუპოლის ილიჩევეცშია განათხოვრებული, თითქმის ყველა შეტევისას სახიფათო იყო, გოლი კი დიდებულად გაიტანა: ერთი მოძრაობით მოატყუა ლამის მთელი დაცვა, მოხდენილი ფინტით წაიწია და

გურამ კაშია, ანტონ პუტილო და გიორგი ლორია
ზუსტადაც დაარტყა – 1:0. გამარჯვების გოლში თავის წვლილი შეიტანა ცენტრფორვარდმა ლევან მჭედლიძემ, რომელმაც კარგად დაუგდო ბურთი ოქრიაშვილს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი გამოიყენა, უპირატესობაც შეინარჩუნა და საკვალიფიკაციოც გამარჯვებით დაიწყო. თითოეულმა ფეხბურთელმა ბოლომდე იბრძოლა – ამის დაუნახაობა დიდი შეცდომა იქნება, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ რაც „ეყო” ბელარუსს, გრანდებთან არასაკმარისი აღმოჩნდა. ეს 11 სექტემბერს ნათლად გამოჩნდა.

ესპანეთი 0:1

მსოფლიოს საუკეთესო ნაკრების წინააღმდეგ საქართველომ განსხვავებული ტაქტიკით ითამაშა – 4-3-2-1. დაცვის მარცხენა ფლანგზე გრიგალავა დათო კვირკველიამ შეცვალა, გაციებული ანანიძის არყოფნაში კი კანკავა-დაუშვილის საყრდენ ნახევარმცველთა წყვილი სამეულად გარდაისახა – ქეცბაიამ მათ გურამ კაშია დაახმარა, მის ნაცვლად კი მარჯვენა მცველად უჩა ლობჟანიძე გაამწესა. ფლანგებიდან კვლავ ოქრიაშვილი და თარგამაძე უტევდნენ, ცენტრში კი მჭედლიძე ისევ მარტო იდგა.

როგორი იყო ესპანელთა განლაგება? მეკარე და კაპიტანი იკერ კასილიასი, მის წინ ტრადიციულად ოთხი მცველი: ალვარო არბელოა, ხერარდ პიკე, სერხიო რამოსი და ხორდი ალბა, საყრდენ ნახევარმცველებად სერხიო ბუსკეტსი და ხაბი ალონსო, ერთადერთი ცენტრფორვარდი რობერტო სოლდადო და მის უკან სამი გენიოსი: დავიდ სილვა, ხავი და ანდრეს ინიესტა. ის, რაც აქამდეც გვინახავს და კიდევ ბევრჯერ ვნახავთ – ესპანური ტიკი-ტაკა ბურთის სწრაფი გათამაშებით, უამრავი გრძელი თუ მოკლე პასით და მუდმივად მოძრავი ფეხბურთელებით.

ამ ტაქტიკით ასეთ მეტოქესთან საქართველომ 0:1 წააგო. ერთადერთი გოლი ჩვენმა გუნდმა 86-ე წუთზე გაუშვა. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებთან ქულამდე საქართველოს 4 წუთი დააკლდა.

ეს, ცხადია, ვერაფერი ნუგეშია. წლების შემდეგ არავის ემახსოვრება გიორგი ლორიას ბრწყინვალე თამაში და სამჯერ გადარჩენილი კარი, ალექსანდრე ამისულაშვილის გაელვება და ძელი... არც ვისენტე დელ ბოსკეს საქებარ სიტყვებს მოიგონებს ვინმე და ისიც არ გაახსენდებათ, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად მას შეტევის გამწვავება და თამაშის სამი მცველით დასრულება მოუხდა. გავა დრო, ხალხი ცნობარებს ჩახედავს და ამოიკითხავს, რომ ბრაზილია 2014-ის საკვალიფიკაციოს მეორე ტურში საქართველო ესპანეთთან თბილისში 0:1 დამარცხდა.

უამრავ მოგონებას გადაფარავს ეს მშრალი „0:1”...

როგორც ბელარუსთან, ბიჭები კვლავ თავდადებულნი იყვნენ, მაგრამ როცა მთელი თამაში შენს საჯარიმოში ტრიალებს ბურთი, მეტოქის ცენტრალური მცველები კი ცენტრთან გხვდებიან, ძალიან ძნელია გაძლო.

საქართველომაც ვერ გაძლო: 86-ე წუთზე მცველები პოზიციურად შეცდნენ და რობერტო სოლდადოც იქვე იყო – 0:1.

„ჩვენი მხრიდან იმდენი თამაში არ იყო, რამდენიც ბრძოლა და თავდადება, მაგრამ ისიც ხომ გასათვალისწინებელია, ვის ვეთამაშებოდით? ეს ესპანეთი ყველა დროის საუკეთესო გუნდია, ჩვენ კი გვყავს ბიჭები, რომელთაგან მალე ისეთ გუნდს ავაშენებთ, ყველა რომ გაიხარებს”, – თემურ ქეცბაიას მატჩის პერიპეტიებზე ბევრი არ უსაუბრია.

ბელარუსთან 1:0, ესპანეთთან 0:1.

სექტემბერში საქართველოს კარგი გაკვეთილები ჩაუტარეს. მალე გამოცდების დრო დადგება: ოქტომბერში ნაკრები ფინეთსა და ბელარუსს ესტუმრება. იმედია, ამ ორ მატჩში ჩვენი გუნდი თავდადების გარდა, გამართული ფეხბურთით მოპოვებული ქულებითაც გაგვახარებს.

საინტერესო ფაქტები

...საქართველოს ეროვნული ნაკრები მეხუთედ ჩაერთო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში და მხოლოდ მეორედ მოიგო პირველი მატჩი. პირველად კორეა-იაპონია 2002-ის შესარჩევში: ჩვენმა გუნდმა მაშინ ლიტვას სტუმრად სძლია 4:0 და იმ შეხვედრაში ეროვნულის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ დუბლი შეასრულა.

...თორნიკე ოქრიაშვილმა ბელარუსთან შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში (1990 წლიდან) საიუბილეო, მე-200 გოლი გაიტანა. ეროვნულმა მე-100 გოლი ასევე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში მიითვალა და ასევე სექტემბერში: 2001 წლის 5 სექტემბერს თბილისში, მაშინდელ ლოკომოტივზე ლიტვის ნაკრებთან 2:0 მოგებულ შეხვედრაში ალექსანდრე იაშვილმა ორი გოლი შეაგდო, საიუბილეო კი მისი პირველი ბურთი იყო.

...ზურაბ ხიზანიშვილმა ესპანეთის წინააღმდეგ 83-ე მატჩი ჩაატარა ნაკრებში და ყველა დროის სიაში ახლა მეორე ადგილს იყოფს კახა კალაძესთან ერთად. შედარებისთვის: ესპანელთაგან ყველაზე გამოცდილმა იკერ კასილიასმა თბილისში 140-ედ ითამაშა.

...ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს რიგით მეექვსე ჩემპიონია, რომელსაც ჩვენი ეროვნული თბილისში დაუპირისპირდა. 1995 წელს საქართველომ გერმანიას უმასპინძლა, 1996 წელს ინგლისს, 1997, 2001, 2006 და 2009 წლებში იტალიას, 2006 წელს კი საფრანგეთს და ურუგვაის. ფიფას ოქროს თასის მფლობელთაგან ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე არასდროს უთამაშიათ ბრაზილიას და არგენტინას.

 

კომენტარები