არჩევნები 2012

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში არჩევნების შესახებ

ამერიკელმა კონგრესმენებმა - ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელმა მაიკ ტერნერმა, ასევე დელეგაციის წევრებმა ჯოან ემერსონმა, მაიკ როსმა და ბენ ჩანდლერმა, წერილი გამოაქვეყნეს, რომლითაც საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას დაუჭირეს მხარი.

როგორც მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ, მიხეილ სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობით, დიდი გზა გამოიარა. „ფაქტები თავისთავად მეტყველებს: დანაშაული და კორუფცია შემცირდა, ბიუროკრატიული პროცესები მნიშვნელოვნად გამარტივდა. თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში ქართველი ხალხი რეფორმებისა და მთავრობის ინიციატივების ხელშესახებ შედეგებს გრძნობს“, - ნათქვამია კონგრესმენების განცხადებაში.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ საქართველომ ცალსახა არჩევანი გააკეთა დემოკრატიული ფასეულობებისა და NATO -ში ინტეგრაციის სასარგებლოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალები მონაწილეობს NATO-ს ეგიდით მიმდინარე რთულ ოპერაციებში.

წერილში ნათქვამია, რომ საქართველომ ბევრი რამ გააკეთა თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად. არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებელთა მრავალი დელეგაცია დაესწრება, რათა უზრუნველყოს არჩევნების საერთაშორის სტანდარტების შესაბამისად ჩატარება.

კონგრესმენებმა მოუწოდეს საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ ძალას, ყურად იღონ დამკვირვებელთა შეფასებები და „პატივი სცენ არჩევნების შედეგებს, გვერდზე გადადონ უთანხმოებები და იმუშაონ ქვეყნის საკეთილდღეოდ“.

„არჩევნების შემდეგ არეულობის პროვოცირებისა ან ამომრჩეველთა პოლიტიკური ნების ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა ქართველი ხალხის მიმართ უსამართლო იქნებოდა და, უდავოდ, ძალიან კრიტიკულად იქნება აღქმული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ“, - ნათქვამია წერილში.

მისი ავტორები მიიჩნევენ, რომ მომავალ არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს მომავლისთვის და მისი საერთაშორისო რეპუტაციისთვის. „ეს არჩევნები მნიშვნელოვანი გამოცდაა დემოკრატიისთვის საქართველოში. ეს არის შანსი თითოეული ქართველისთვის, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, აჩვენონ მსოფლიოს, თუ რამდენად წინ წავიდნენ ბოლო ათწლეულის განმავლობაში და დაამტკიცონ, რომ უკან დაბრუნება შეუძლებელია“.

„ჩვენს ფიქრებში ქართველ ხალხთან ერთად ვართ, რომელიც ემზადება, რათა ხმა მისცეს მშვიდობიან მომავალს და კეთილდღეობას, რასაც ასე ბევრი რამ შესწირა და რასაც ასე ძლიერად იმსახურებს. ჩვენ ვდგავართ მასთან ერთად, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის მცდელობებს ხელყოს ასე ძნელად მოპოვებული დემოკრატია საქართველოში“, - დასძენენ ტერნერი, ემერსონი, როსი და ჩანდლერი.

 

კომენტარები