ახალციხეში კოალიცია ქართული ოცნების აქცია დასრულდა.
აქციაზე შეკრებილებს სიტყვით ბიძინა ივანიშვილმა მიმართა და რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა: ბორჯომში - გედევან ფოფხაძე; ასპინძაში - თემურ მაისურაძე; ნინოწმინდაში - ალბერტ ნურბეგიანი; ადიგენში - ბიძინა გუჯაბიძე; ახალქალაქში - ნორიკ კარაპეტიანი და ახალციხეში - გურამ კუტალაძე.
კოალიციის ლიდერმა მხარდამჭერებს მოუწოდა, კოალიციის გარდა, ქართული ოცნების მაჟორიტარებსაც მისცენ ხმა. ივანიშვილის თქმით, საქართველოს მასშტაბით ის 50 მაჟორიტარის გაყვანას გეგმავს.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ხშირად შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, რადგან ახერხებს, ღირსეული წარსულის მქონე მაჟორიტარობის კანდიდატები წამოაყენოს: "ძალიან ხშირად ისმის და ძალიან ხშირად ახერხებს ჩვენი ხელისუფლება, კიდევ, რომ შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი საზოგადოება და ძალიან ხშირად ახერხებს ღირსეული წარსულის მქონე კანდიდატების წარმოდგენას საკუთარი მხრიდან. არ შეგეშალოთ, ხალხო, არ გაითვალისწინოთ არავითარი წარსული იმ ხალხის, ვინც ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს. თქვენ კარგად უნდა გაიგოთ, რომ ის ნაციონალური მოძრაობის დამქაშია და ამ მოძალადე ხელისუფლებას, ამ ცრუ ხელისუფლებას უჭერს მხარს და არაფერი არ შეგეშალოთ, აუცილებლად კარგი დასკვნა უნდა გააკეთოთ და არჩევანი უნდა გააკეთოთ არა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატზე, არამედ ჩვენი, ქართული ოცნების კანდიდატზე." - განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველს სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერებას, სოციალური დახმარებებისა და პენსიების ზრდასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, მათ შორის, კარტოფილის ელიტარული თესლის უფასოდ დარიგებას დაჰპირდა. ასევე ისაუბრა თავისუფალ მედიასა და დემოკრატიაზე, რასაც ქვეყანა მისი პოლიტიკური ძალის გამარჯვების შემთხვევაში მიიღებს.
ქართული ოცნების ლიდერმა ასევე მოუწოდა ადამიანებს, გამოართვან ყველაფერი, რასაც ხელისუფლება დაარიგებს, ხოლო საარჩევნო კაბინაში ქართული ოცნება შემოხაზონ. მისივე თქმით, მხარდამჭერების და აქტივისტების „მთელი არმია“, ასევე უცხოელი დამკვირვებლები, არ დაუშვებენ, არჩევნები გაყალბდეს: „გაჩვენებთ, როგორი ტექნოლოგიები გვაქვს, იქვე გამოვააშკარავებთ ყველას, ვინც არჩევნების გაყალბებაში მიიღებს მონაწილეობას“ - განაცხადა ივანიშვილმა.
სამცხე-ჯავახეთში გამართული შეხვედრა, რომელიც ბერა ივანიშვილის კონცერტით დასრულდა, კოალიციის ბოლოს წინა აქციაა. მომდევნო აქცია 22 სექტემბერს ზუგდიდში გაიმართება.