ხვალიდან თბილისის მოქალაქეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახალი ფასდაკლების სისტემით ისარგებლებენ.
თბილისის მერიის ინიციატივით, იმ მგზავრებს, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მგზავრობის ღირებულების ელექტრონული ბარათით გადახდისას მეტრომანით სარგებლობენ, შესაძლებლობა ეძლევათ პირველი მგზავრობის საფასური 50 თეთრი გადაიხდონ, ხოლო შემდგომი საათნახევრის განმავლობაში, მეტროსა და ავტობუსში, სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას უფასოდ იმგზავრონ.
ახალი ფასდაკლების სისტემა, ვრცელდება იმ კატეგორიის მგზავრებზეც, რომლებიც სხვადასხვა სახის შეღავათებით უკვე სარგებლობენ (პენსიონერები, სტუდენტები, პედაგოგები, სოცილურად დაუცველები).
,,ფასდაკლების აღნიშნული სისტემა აპრობირებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია ყველა იმ მგზავრისთვის, ვინც რეგულარულად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით."_ აცხადებენ მერიაში.
აღნიშნული ინიციატივა თბილისის მერიამ საკუთარ ვებგვერდზე განათავსა და მოქალაქეებს 5 დღის მანძილზე შეეძლოთ მისთვის მხარი დაეჭირათ.




