საქალაქო ტრანსპორტი

თბილისის მერიამ სამარშრუტო კომპანიები დააჯარიმა

ტენდერის პირობების დარღვევისთვის თბილისის მერიამ კომპანიები ,,თბილლაინი’’, ,,ფაბლიკი’’, ,,კაპიტალ გრუპი’’ და ,,თბილ ქარი’’ დააჯარიმა. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის განცხადებით, კომპანიებს თბილისში სამარშუტო ხაზებზე 15 იანვრამდე 3068 ახალი მიკროავტობუსი უნდა შემოეყვანათ, თუმცა, პირობა ბოლომდე ჯერ ვერ შეასრულეს და თბილისის ქუჩებში სამარშუტო ხაზებზე ყველა მიკროავტობუსი ,,ფორდის’’ მარკის და ყვითელი არ არის. მისივე თქმით, კომპანიებს ჯარიმა დააკისრეს და კონტრაქტის ბოლომდე შესრულებისთვის დამატებითი დრო მისცეს - ,,თუ კომპანიები პირობას დამატებით დროშიც ვერ შეასრულებენ, საკითხი კანონის სრული დაცვით მოწესრიგდება’’.

,,თბილლაინმა’’ გლდანი–ნაძალადევის ლოტის მიხედვით მიკროავტობუსები ვაკე–საბურთალოსა და გლდანი–ნაძალადევის რაიონებში შეიყვანა; ,,ფაბლიკმა’’– ისანი–სამგორში; ,,კაპიტალ გრუპმა’’– ძველი თბილისის რაიონში, ხოლო ,,თბილ ქარმა’’–ჩუღურეთში.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მხრიდან კონტრაქტის შეუსრულებლობის შესახებ ბრიფინგი თბილისის საკრებულოს წევრმა ჯაბა სამუშიამ გამართა, მისი თქმით, კონტრაქტის დარღვევის გამო კომპანიებს ჯარიმის სახით 1 300 000 აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ.

 

კომენტარები