ბრიტანეთი

ფრანგულმა ჟურნალმა ქეით მიდლტონის სკანდალური ფოტოები გამოაქვეყნა

ფრანგულმა ჟურნალმა Closer-მა ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის შვილიშვილის პრინცი უილიამის და მისი მეუღლის სურათები გამოაქვეყნა, რომელთა ნაწილზეც ქეით მიდლტონი წელზევით შიშველ მდგომარეობაშია გამოსახული.

გამოცემის ცნობით, სურათები, რომელზეც პრინცის მეუღლე წელზევით შიშველი ირუჯება, გასულ კვირას საფრანგეთში მდებარე სასახლეში გადაიღეს პაპარაცებმა, სადაც ცოლ-ქმარი ნათესავებთან იმყოფებოდა.

BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებმა უკვე შეიტყვეს აღნიშნული სურათების გამოქვეყნების შესახებ. ისინი აღშფოთებულნი არიან და ფრანგული ჟურნალის ქმედებას პირად ცხოვრებაში შეჭრა უწოდეს. ქეითი და უილიამი ამჟამად ოფიციალური ვიზიტით აზიაში იმყოფებიან.

გამოცემის ცნობით, გასულ კვირას ფოტოსურათების დაბეჭდვა ბრიტანულ ჟურნალებსაც შესთავაზეს, თუმცა მათ უარი თქვეს.

რამდენიმე კვირის წინ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენლის, პრინც ჰარის შიშველი სურათები ბრიტანულმა გაზეთმა Sun-მა გამოაქვეყნა. პრინცი სურათებზე ლას-ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროში მეგობრებთან ერთადაა აღბეჭდილი.

 

კომენტარები