საქართველო-ნატო

რასმუსენი რუსეთს სამხედრო წვრთნების ჩატარებისას გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა Euronews-თან ინტერვიუში საქართველოზე და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიასთან ახლოს დაგეგმილი სამხედრო წვრთნების შესახებ ისაუბრა. ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო რუსეთის სამხედრო წვრთნების ჩატარებას არ ეწინააღმდეგება, თუმცა მოსკოვისგან გამჭვირვალობას მოითხოვს.

"ჩვენ წვრთნების ჩატარებას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ მოვითხოვთ გამჭვირვალობას, როგორც ნდობის ძირითად საფუძველს, რა არის წვრთნების მიზანი, სად და როგორ ჩატარდება. სამწუხაროდ, ჩვენ რუსეთისგან არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია.” - განაცხადა რასმუსენმა.

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატო მხარს უჭერს ეუთო-ს ქარტიაში ჩადებულ ძირითად პრინციპს, რომელსაც ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნებმა 1999 წელს მოაწერეს ხელი.

”ქარტიაში მკვეთრად განსაზღვრულია ყველა სახელმწიფოს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ რუსეთში ეს ახსოვთ. ასე, რომ ეს საქართველოს გადასაწყვეტია. მან კი საკუთარი ინტერესი უკვე დააფიქსირა. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო მის რიგებში იქნება, თუ ის ამისთვის აუცილებელ პირობებს შეასრულებს." - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

კომენტარები