არჩევნები 2012

ცესკო-მ საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნები შექმნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანაში დამატებითი საარჩევნო უბნები შექმნა. დამატებითი უბნები შეიქმნა შემდეგ ქვეყნებში- ესპანეთის სამეფო, ქ.ბარსელონა; კანადა, ქ.ოტავა; ირლანდია, ქ.დუბლინი; უნგრეთი, ქ.ბუდაპეშტი; პორტუგალიის რესპუბლიკა, ქ.ლისაბონი.

ცესკო-ს ინფორმაციით, საზღვარგარეთ აქტიური საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 42 613-ს შეადგენს. მათ შორის 1 409 ამომრჩეველმა 10 სექტემბრის ჩათვლით საკონსულო საარჩევნო რეგისტრაცია გაიარა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე, 1 სექტემბერს ცესკო-ს დადგენილებით, საზღვარგარეთ 42 საარჩევნო უბანი შეიქმნა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 13 სექტემბრის 18 საათამდე გაუხანგძლივდათ დრო, რათა არჩევნებში მონაწილეობის მიზნით გაიარონ რეგისტრაცია საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე 32 ქვეყანაში, რომელთა შორისაც, ტექნიკური პრობლემების გამო, რუსეთი ვერ მოხვდა.

რეგისტრაციისათვის საქართველოს მოქალაქეებმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები პირადად, ან ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულებების საფუძველზე უნდა წარადგინონ. ცესკო-ს ინფორმაციით, არანაირი ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან აღნიშნული პროცედურისთვის საჭირო არ არის.

კომენტარები