არჩევნები 2012

forsa: ახალი რეიტინგები და ახალი მოთამაშე ქართულ კვლევით ბაზარზე

12 სექტემბერს, კვლევითმა ცენტრმა forsa საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, შემდეგ კვირას საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, რესპონდენტთა 49% მხარს კოალიცია ქართულ ოცნებას დაუჭერდა, ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას კი 43% მიემხრობოდა. გამოკითხულთა მხოლოდ 6% მისცემდა ხმას ქრისტიან-დემოკრატებს, სხვა პარტიების მხარდაჭერა კი საერთო ჯამში 2%-ია. 
forsa-ს წარმომადგენელმა საქართველოში, პიტერ მატუშეკმა Courtyard Marriott-ში გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 17-30 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. მის ფარგლებში 2008 შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული რესპონდენტი პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა. 
პრემიერ-მინიტრის პირდაპირი არჩევნები რომ ტარდებოდეს, forsa-ს მონაცემებით, გამოკითხულთა 43% ბიძინა ივანიშვილს მიემხრობოდა, 33% - ვანო მერაბიშვილს, 24% კი  ხმას პრემიერ-მინისტრობის ან არც ერთ კანდიდატს მისცემდა ან კითხვაზე პასუხი არ აქვს.
კვლევითმა ცენტრმა პოლიტიკოსთა ნდობის რეიტინგებიც გამოაქვეყნა. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ნდობას გამოკითხულთა 49% უცხადებს, პრემიერი მერაბიშვილი მეორე ადგილზეა - 48%-ით. მესამე ადგილზე კი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია - 47%-ით.  
კვლევითი ცენტრი forsa (forsa Gesellschaft für Sozialforschung und statistische Analyse mbH) გერმანული კომპანიაა, რომელიც 1984 წელს დაარსდა. ცენტრი სოციოლოგიურ და პოლიტიკურ კვლევებს საერთაშორისო მასშტაბით ატარებს. 
კვლევით ცენტრს რამდენიმე წლის წინ მონაცემთა მანიპულირებაში ადანაშაულებდნენ. 2003 წელს კოლეჯის განვითარების ცენტრის (Centrum für Hochschulentwicklung) დაკვეთით forsa-მ ჩაატარა გამოკითხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურთან დაკავშირებით. გამოკითხულთა უმეტესობა - სტუდენტთა 59% და მოსახლეობის 67%, 2003 წლის ნოემბერში აცხადებდა, რომ თანახმაა გადაიხადოს სწავლის საფასური, თუ თანხა პირდაპირ სასწავლო დაწესებულებებს მოხმარდებოდა და სწავლის დასაფინანსებლად კი მზადაა აიღოს სესხი. კოლეჯის განვითარების ცენტრმა ირიბად აღიარა ბრალდება და საჯარო გახადა ის, რომ რესპონდენტებს სწავლის საფასურის გადახდის მხოლოდ 3 მოდელს შორის მიეცათ არჩევანის გაკეთების საშუალება. მთლიანად სწავლის გადასახადის უარყოფა მათ არ შეეძლოთ.  
2007 წელს, ონლაინ გამოცემა NachDenkSeiten-მა კვლევითი ცენტრი forsa კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის შემოღების კამპანიის სასარგებლოდ მანიპულაციაში დაადანაშაულა.  
კვლევითი ცენტრი forsa 2009 წელს Deutsche Bahn-ის ირგვლივ აგორებულ სკანდალშიც გაეხვა. კითხვარები ისე იყო შედგენილი, რომ გამოკითხვამ საბოლოო ჯამში აჩვენა რომ მოსახლეობა  2007 მატარებელი მძღოლების გაფიცვით უკმაყოფილო იყო და ემხრობოდა  რკინიგზის პრივატიზებას. აღნიშნული კვლევა Deutsche Bahn-მა ფარულად დააფინანსა.  

კომენტარები