ჩინეთი-იაპონია

ჩინეთმა სადავო კუნძულებისკენ საპატრულო გემები გაგზავნა

ჩინეთმა აღმოსავლეთ-ჩინეთის ზღვაში მდებარე კუნძულებისკენ ორი საპატრულო გემი გაგზავნა. ქვეყნის მთავრობამ სენკაკუს კუნძულების გაკონტროლება გადაწყვიტა, რომელიც იაპონიასა და ჩინეთს შორის სადავო ტერიტორიად ითვლება.

ჩინური სააგენტოს Xinhua ცნობით, ხომალდები აღმოსავლეთ-ჩინეთის ზღვაში ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას უზრუნველყოფენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ჩინეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც იაპონიამ სადავო კუნძულების ადგილობრივი მფლობელებისგან ყიდვის განზრახვის შესახებ განაცხადა. BBC-ის ცნობით, იაპონიის მთავრობამ უკვე გამოყო სახსრები სამი კუნძულის საყიდლად. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რეგიონის დანარჩენ ქვეყნებთან პრობლემებს არ გამოიწვევს.

ჩინეთი კი თავის მხრივ, იაპონიის ქმედებას ქვეყნის ტერიტორიული სუვერენიტეტის შელახვად, ისტორიული ფაქტების დამახინჯებად და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევად მიიჩნევს.

სასარგებლო წიაღისეულით მდიდარი სენკაკუს კუნძულები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, 1972 წელს ისინი ამერიკამ იაპონიას გადასცა.

კუნძულზე, რომელსაც იაპონია აკონტროლებს, გარდა ჩინეთისა, ტაივანიც აცხადებს პრეტენზიას.

 

კომენტარები