ქართული ოცნება

მაია ფანჯიკიძე: ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს ქვების სროლის პოლიტიკას

კოალიცია ქართული ოცნების პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე, თელავში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

მისი თქმით, თელავის აქციის შემდეგ, ქართული ოცნების სამ ქისტ მხარდამჭერს თავს დაესხნენ და სცემეს, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ დააკავა.

,,თელავში გუშინდელი აქციის შემდეგ ინციდენტი მოხდა. 22 წლის ანგელ ბორჩაშვილი, 25 წლის ხიზირ ქუშანაშვილი და 40 წლის ხიზირ გაურგაშვილი საკუთარ სახლში, პანკისის ხეობაში დაბრუნებას აპირებნდნენ, როდესაც მათ ოცამდე ახალგაზრდა თავს დაესხა და სცემეს. მათ მიიღეს დაზიანებები, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს, რამდენიმე წუთში იქ მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ჩვენი მხარდამჭერები რაიონულ სამმართველოში წაიყვანეს, სადაც კარგა ხნის განმავლობაში ჰკითხავდნენ. ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი და კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ ხორციელდება ჩვენი მხარდამჭერების დევნა. როგორც ჩანს  ნაციონალური მოძრაობა ისევ მიმართავს ქვების სროლის პოლიტიკას.’’-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტის შესახებ უწყებათაშორის კომისიას ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.

დღევანდელ ბრიფინგზე, მაია ფანჯიკიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებსაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის გამართული დებატები ,,ხელოვნური იყო’’ და ერთმანეთის პირისპირ მდგარი ძალები, რეალურად ,,ერთ მხარეს წარმოადგენდნენ''. 

შეგახსენებთ, გუშინ ტელედებატები შედგა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს - ვანო მერაბიშვილს, გიორგი თარგამაძესა და შალვა ნათელაშვილს შორის. 

კომენტარები