არჩევნები 2012

ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო ყრილობას ატარებს

 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  თბილისსა და საქართველოს 10 ქალაქში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყრილობას მართავს. ზუგდიდის ყრილობაზე, რომელიც 11 საათზე დაიწყო, საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი სიტყვით გამოვიდნენ. 

"ჩვენ გვექნება თავისუფლება, ჩვენ გვინდა განვითარება, გვინდა ევროპა, ნატო, უკეთესი მომავალი, უკეთესი ცხოვრება და ეს უნდა დაიწყოს აქედან, სამეგრელოდან," განაცხადა სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, პირველი ოქტომბერი არის "მტრის ბოლო გაბრძოლება, ბოლო რუბიკონი" და საქართველო სამეგრელოსთან ერთად ამ რუბიკონს წარმატებით გადალახავს. 

სააკაშვილი შეეხო სამეგრელოში რეზერვისტების საკითხს:  "რეზერვი იქმნება საქართველოში ყველგან,  99% ჩაეწერა აქ და ქართლში, მაგრამ ზუსტად ასევეა ყველა სხვა რეგიონში საქართველოში. რაღა მაინცდამაინც სამეგრელო გამოყვეს, რატომ დაიწყეს ლაპარაკი, როცა რეზერვი საქართველოს ყველა რეგიონში იქმნება, სამეგრელოშია ეს გასაიდუმლოებული სამხედრო ფორმირება. იმიტომ, რომ ეს ზუსტად ის ხალხია, რომელმაც 1992 წელს, იმ საბაბით, რომ აქ იყო ფორმირებები, შემოვიდნენ და ოჯახი არ დაუტოვებიათ ზუგდიდში, რომ არ შესულიყვნენ და არ გამოეტანათ იქ შექმნილი დოვლათი. ეტყობა დაგროვდა კიდევ დოვლათი სამეგრელოში ნელ-ნელა და ეტყობა,  ეფხანებათ კიდევ ხელები ვიღაც-ვიღაცეებს და ერთი და იგივე ხალხს, აქ გამოისეირნოს. ნურას უკაცრავად, ერთი რამ შეეშალათ, მაშინდელ პრეზიდენტს ერქვა მათი საყვარელი შევარდნაძე და დღეს მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და აღარასოდეს აღარ დავუშვებ, რომ თითი დააკაროს აქაურობას."

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსეთის შესახებ. სააკაშვილმა გააკრიტიკა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც უმჯობესი იქნება თუ საქართველო რუსეთის ნაცვლად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს პირდაპირ დაელაპარაკება.  "რუსეთი პირდაპირ იძახის, რომ აფხაზები და ოსები არაფერს არ ნიშნავენო, ჩვენი გეგმა იყო, ჩვენი გეგმის ნაწილი იყვნენ და ჩვენ გავაკეთებინეთ ყველაფერიო. ახლა გვეუბნებიან, მას შემდეგ, რაც მთელი მსოფლიო აღიარებს მათ ოკუპანტად, მოდით, ჩვენ თვითონ მოვუწეროთ ხელი მათ რაზეც უნდათ და მერე რაღაცნაირად გაგვიჩარხავს საქმეს აფხაზეთთან და ოსეთთანო [...] ჩვენ ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას, ვაშენებთ ოკუპაციის ხაზზე ჩვენს ლაზიკას. ამიტომ ჩვენ კი არ მივალთ აფხაზეთთან, რუსებს ვერ გადავახტებით თავზე, ისინი მოვლენ ჩვენს განვითარებულ, წარმატებულ ქვეყანაში. ჩვენ თუ მივალთ იქით, უნდა მივიდეთ მონებად, თავზე ნაცარი დავიყაროთ და ვუთხრათ, აჰა, მოვედით! ყველაფერი ჩვენი ბრალია, რაც გინდა ის გვიქენი! ასეთ შემთხვევაში რა დღე დაგვადგება, ძალიან კარგად ვიცით", - განაცხადა სააკაშვილმა. 

პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ "სისტემა ჯერ კიდევ იდეალური არ არის" მაგრამ სააკაშვილის გუნდი დღედაღამ მუშაობს მის გამოსასწორებლად. 

ზუგდიდს ყრილობის პარალელურად უკვე დაიწყო ყრილობა სხვა ქალაქებშიც. თბილისში ყრილობა 19:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება.

 

კომენტარები