არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება“ საქართველოს მთავრობასა და ბიძინა ივანიშვილს ლობისტურ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებისა და ამ ორგანიზაციების საქმიანობის გასაჯაროებას სთხოვენ.
მათი თქმით, ეს დაეხმარება საზოგადოებას დარწმუნდეს, რომ ამ ორგანიზციების საქმიანობა არ ეწინააღმდეგება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები ურჩევენ მთავრობასა და ივანიშვილს, არ დაუშვან, რომ ლობისტური ორგანიზაციების საქმიანობამ გადაჭარბებული გავლენა იქონიოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
არასამთავრობო ორგანიზაციები Civil.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციას ეყრდნობიან და აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობა სულ მცირე 1,83 მილიონ აშშ დოლარს უხდის ვაშინგტონში მოქმედ ლობისტებს (the Podesta Group, Orion Strategies LLC, Prime Policy Group, Gephardt Group Government Affairs, LynxDC), ასევე კონსულტანტ გრეგორი მანიატისს. არასამთავრობოების ინფორმაციით, ლობისტური ორგანიზაციების მიერ გასაწევი მომსახურება მოიცავს სტრატეგიულ რჩევებს, მხარდაჭერას კომუნიკაციის სფეროში, ლობისტურ საქმიანობას და „სამთავრობო ურთიერთობებთან დაკავშირებულ მომსახურებას“ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა, საქართველოს ინტეგრაცია ნატო-სა და ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში და „დემოკრატიის საკითხები“, ასევე დახმარებას წინასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.
ამავე ორგანიზაციების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი თვეში 300,000 აშშ დოლარზე მეტს უხედის ოთხ ლობისტურ ფირმას (Parry and Roman Associates Inc, Patton Boggs LLP, Downey McGarth Group Inc, National Strategies LLC). გასაჯაროებული კონტრაქტების თანახმად, დაქირავებული კომპანიების მოვალეობები მოიცავს აშშ-ის კონგრესისა და პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის წევრთა ლობირებას, მედიის მონიტორინგსა და ინფორმაციის მოძიებას, მედიასთან ურთიერთობებს და ციფრული საშუალებებით კამპანიის წარმოებას, მათ შორის ვიდეორგოლებისა და დოკუმენტური ფილმების მომზადებასა და აშშ-ში, ევროპასა და საქართველოში „მხარდამჭერთა ქსელის“ შექმნას სოციალური მედიისა და ვებ-გვერდის (http://www.democracyingeorgia.org) საშუალებით.
„უცხო ქვეყნის წარმომადგენლის რეგისტრაციის აქტის“ თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტები უნდა დარეგისტრირდეს აშშ იუსტიციის დეპარტამენტში. ეს კონტრაქტები ქვეყნდება ვებ-გვერდზე http://www.fara.gov/qs-foreignprincipal.html.





