არჩევნები 2012

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ჩავატარებთ ყველაზე თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს

ჩვენი ქვეყანა გახდება ნატოს წევრი, რეფორმები გაგრძელდება და თავისუფლებისთვის ბრძოლაც გაგრძელდება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ ნატოს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ ჩავატარებთ ყველაზე თავისუფალ, ყველაზე გამჭვირვალე არჩევნებს საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ზუსტად იმ არჩევანს გააკეთებს, რაც ემსახურება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელებას, ჩვენი თავისუფლების განმტკიცებას, უცხო ძალების ხელის ფათურის არ დაშვებას საქართველოს შიდა პოლიტიკაში და საქართველოს არჩევნის განსაზღვრაში." - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის იყო გარედან ჩარევის მცდელობა, არჩევნები ჩატარდება დემოკრატიის ყველა პრინციპის დაცვით. მისივე თქმით, ყველა გამოკითხვაც იმაზე მეტყველებს, რომ ქართველი ხალხი არანაირ ესკალაციას არ დაუშვებს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში თითოეული ოჯახი იგრძნობს სარგებელს და ვერავინ ვერ დააბრუნებს კორუფციას და კრიმინალს. 

პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტად მყოფ ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აგრეთვე, განაცხადა, რომ მაღალი რანგის ლიდერის საქართველოში ყოფნა კიდევ ერთი მხარდაჭერის ჟესტია.

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში ვიზიტით თბილისში დაგეგმილი ამბასადორიალის ფარგლებში იმყოფება. ეს რასმუსენის ნატოს გენერალური მდივნის რანგში საქართველოში მესამე ვიზიტია.

 

კომენტარები