მოსახლეობის 60% თვლის, რომ საპარლამენტო არჩევნები კარგად ჩატარდება, 21% -ის აზრით კი რომ ნაწილობრივ ან სრულად გაყალბდება. 18%-ს ამის შესახებ აზრი არ გააჩნია. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ვკითხულობთ.
მოსახლეობის 22% თვლის, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის მთავარი დაბრკოლება ამომრჩევლის მოსყიდვაა, 18% კი ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა ამომრჩეველთა სიებია, 17%-ბიულეტენების ჩაყრა, 16%- ხმის მიცემა სამსახურის შესანარჩუნებლად. 13% მთავარ დაბრკოლებად კანდიდატების/პარტიების არათანაბარ გაშუქებას ასახელებს.
მკვეთრად დაეცა იმ ადამიანების რიცხი, რომლებიც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მოწოდების შემთხვევაში ქუჩაში გამოვლენ. თუ ივნისში ასეთი მოსახლეობის რაოდენობა 27% იყო, დღეს ეს 16%-ია, 62% კი ქუჩაში არ გავიდოდა.
NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 77% ამბობს, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს მასში მონაწილეობას მიიღებს. მონაცემი თანაბრად არის განაწილებული ქალებსა და მამაკაცებს შორის.
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 31 ივლის-12 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2038 რესპოდენტმა მიიღო, კვლევის ცდომილება 3%-ია.




