5-7 სექტემბერს თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამბასადორიალზე განხილული იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და მიზნები, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ამოცანები, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული დიპლომატიის საკითხები.
ამბასადორიალის ფარგლებში გაიმართება აგრეთვე, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. ელჩები შეხვდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს. ამბასადორიალს სტუმრის სტატუსით დაესწრებიან შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰექტორ ტიმერმანი და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრი რატუ ონოკე კუბუაბულა.
სამინისტროს ცნობით, 6 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ეწვევა. ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს და ავღანეთში მიმავალ ახალ ბატალიონს, რომელიც უახლოეს თვეებში გაემგზავრება.




