საქართველო–ევროკავშირი

ნაციონალური მოძრაობა ქეთრინ ეშტონის და შტეფან ფულეს განცხადებას მიესალმება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიესალმება ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ქეთრინ ეშტონისა და ევროკომისარ შტეფან ფულეს მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებისა და მომავალი არჩევნების შესახებ.

„განცხადებაში აღინიშნა, ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, კერძოდ: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევის თვალსაზრისით; ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით; მომავალ წელს ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ.

ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, მათ შორის, დემოკრატიულ რეფორმებს.“ – ნათქვამია მმართველი პარტიის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლების ერთობლივი განცხადების თანახმად, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის პასუხისმგებლობაცაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებმა არ უნდა დაუშვან ძალადობა, დაძაბულობა და სიძულვილის გაღვივება.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. კერძოდ, მხარი დაუჭირა ახალ საარჩევნო კოდექსს, საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიის შექმნას და must carry-ის რეგულაციების შემოღებას მედიაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. ასევე პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა საერთო ქცევის წესებზე შეთანხმება, რომელიც ხელმომწერ პარტიებს ავალდებულებს უარი თქვან ძალადობაზე, შუღლის გაღვივებაზე და აღიარონ არჩევნების შედეგები.“ – აღნიშნულია მმართველი პარტიის განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობა აგრეთვე, მოუწოდებს კოალიცია ქართულ ოცნებას, შეწყვიტონ ისეთი ქმედებები, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში ძალადობის, დაძაბულობისა და შუღლის გაღვივებისაკენ და ემსახურება საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას.

გუშინ ევროკომისარმა შტეფან ფულემ და კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ქეთრინ ეშტონმა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს. განცხადების თანახმად, ოქტომბრის არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების კუთხით და ევროკავშირი-საქართველოს მომავალი ურთიერთობების ხარისხსა და ინტენსივობას განსაზღვრავს. განცხადებაში აგრეთვე, ნათქვამია, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ძლიერი პარტნიორია და ევროკავშირის წარმომადგენლები მხარს უჭერენ დინამიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

 

კომენტარები