სპეცოპერაცია

შსს: სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველო–რუსეთის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირთა ვინაობის შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს. შსს–ს ცნობით, აღნიშნულ პირთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 11 ლიკვიდირებული პირიდან იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა – 1990 წელს დაბადებული ასლან მარგოშვილი და 1986 წელს დაბადებული ბაჰაუდინ ქავთარაშვილი. დანარჩენი 5 პირი კი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან. მათგან ერთ-ერთი - ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი დაბადებულია გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში.

დანარჩენი იდენტიფიცირებულები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან – 1968 წელს, ჩეჩნეთში დაბადებული დუკვახა დოშუევი, ასევე ჩეჩნეთში, 1991 წელს დაბადებული სალამ ზაურბეკოვი, ინგუშეთში 1989 წელს დაბადებული ხაშიევ ჯაბრაილი და გროზნოში 1981 წელს დაბადებული მუსა ადუევი.

1 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი აცხადებდა, რომ 11 ლიკვიდირებული პირიდან არც ერთი საქართველოს მოქალაქე არ იყო.

 "ლოპოტაში ჩატარებული სპეცოპერაციის რიგი საკითხები ძიების პროცესშია. დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენს მიერ ლიკვიდირებული 11 ადამიანიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე.” - აცხადებდა ხიზანიშვილი.

 

კომენტარები