ანაკლია

სააკაშვილი: ლაზიკას მერიას და პორტის ადმინისტრაციას სექტემბერში გავხსნით

საქართველოს პრეზიდენტის Facebook–ის გვერდზე გავრცელდა 1 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის  ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში ახალგაზრდებთან შეხვედრის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა. საქართველოს პრეზიდენტი ახალი ქალაქის – ლაზიკასა და განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებზე ესაუბრა ახალგაზრდებს. 
სააკაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა ლაზიკას მერიას და პორტის ადმინისტრაციას სექტემბერში გახსნის.  
პრეზიდენტმა ახალი ქალაქების მშენებლობაში საზოგადოების ჩართულობაზეც ისაუბრა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ საზოგადოება ძალიან აქტიურად ჩაერთოს ლაზიკას მშენებლობაში. ჩვენ გავმართავთ აქ სემინარებს. საჯარო დებატებს, სატელევიზიო განხილვებს, ეს ქალაქი უნდა ააშენონ ქართველმა სპეციალისტებმა ყველა სფეროში. ეს ქალაქები ჩემი ახირება კი არ არის. იმისათვის, რომ საქართველო განვითარდეს, იმისათვის რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმას და მეტმა ოჯახმა ისარგებლოს იმით, რასაც ჩვენ ვქმნით, ჩვენ გვჭირდება ახალი სიმძლავრეები,“ – აღნიშნა სააკაშვილმა 
ახალგაზრდებს სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს ახალ კოცეფციაში ასახული მოდელიც გააცნო. 12-თვიანი სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სახელმწიფო სტუდენტს 4 წლის სწავლის საფასურს დაუფინანსებს. „ვთქვათ სტუდენტმა გადალახა მინიმალური ზღვარი, მაგრამ გრანტი ვერ მიიღო. თავდაცვის სამინისტრო სთავაზობს ყველას, 12 თვე ჯარში სამსახურს და შემდეგ 4 წელი გადასახადის გადახდას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
„ყველას უნდა მივცეთ შანსი, ისწავლოს და რაღაცას მიაღწიოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა და იქვე დასძინა, რომ ვინც წელს ვერ ჩააბარა, მათთვის გამოცდები  ყოველთვიურად იქნება. 

კომენტარები