სპეცოპერაცია

შსს სპეცოპერაციის ადგილიდან კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ვიდეომასალას, რომელშიც ასახულია ლოპოტას ხეობის ის ადგილი, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.

კადრებში ჩანს შეიარაღება, რომელითაც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ პირები იყვნენ აღჭურვილი. მასალაში ასევე ნაჩვენებია ორმხრივი სროლის დროს ლიკვიდირებული შეიარაღებული პირების ცხედრები.

შსს-მ გაავრცელა დამატებითი მასალაც, სადაც მომხდარზე დეტალურად საუბრობს მესაზღვრე, რომელიც შეიარაღებული დაჯგუფების მიერ გატაცებულ ახალგაზრდებს ჩაენაცვლა.

მისი თქმით, თანამშრომლებთან ერთად ხუთ დაკარგულს ეძებდა, როდესაც ათამდე შეიარაღებულმა პირმა მათ ალყა შემოარტყა, ძალით გადმოიყვანეს მანქანიდან და უთხრეს, რომ მძევლებად იყვნენ აყვანილნი. ამის შემდეგ გამოჩდნენ ჯგუფის სხვა წევრები, რომელთაც თან ხუთი დაკარგული ახალგაზრდა ახლდა: „მე ვუთხარი, რომ ისინი მათთვის მძიმე ტვირთი იქნებოდნენ. რადგან მე ვიყავი სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი და ამ სექტორის უფროსი, უფრო ღირებული ვიქნებოდი მათთვის და გაეთავისუფლებინათ მძევლობიდან ჩემი თანამშრომლები და ეს ხუთი მოქალაქე და გაათავისუფლეს ისინი მძევლობიდან" - ყვება მესაზღვრე.

შემდეგ ჯგუფი და მძევალი ხეობაში ჩავიდნენ, სადაც გარკვეული დროის შემდეგ შსს-ს წარმომადგენელი მოვიდა: „მათი საუბრის შემდეგ მითხრეს, რომ აღარ ვიყავი მათთვის საჭირო პიროვნება და გამომიშვეს“.

რუსთავი 2-ის ცნობით, შსს კიდევ გეგმავს დამატებითი მასალის გავრცელებას.

 

კომენტარები