სპეცოპერაცია

ლოპოტას ხეობაში ოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია

საქართველო-დაღესტნის საზღვართან, ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა თელავის სამხარეო პოლიციის შენობაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"შეიარაღებული დაჯგუფების 12 წევრიდან 11-ის გვამი უკვე ნაპოვნია. მათი დაკრძალვა მათივე რელიგიური მრწამსის შესაბამისად მოხდება. მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

შოთა ხიზანიშვილის თქმით, სავარაუდოდ, რამდენიმე დაჭრილი ტყეში იმყოფება. მისი განმარტებით, ოპერაციის დროულად დასრულება გუშინ ლოპოტას ხეობაში ჩამოწოლილი ნისლის გამო ვერ მოხერხდა.

ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაღუპულია შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაჭრილია 5 ქართველი სპეცრაზმელი.

 

კომენტარები