სპეცოპერაცია

ლაფანყურის გზაზე სამხედრო და სამედიცინო მანქანების მოძრაობა გრძელდება

საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, ლაფანყურის გზაზე, სადაც საქართველოს შსს და თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციას ამ დრომდე ახორციელებენ, სამხედრო და სამედიცინო მანქანების მოძრაობა გრძელდება.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, სპეცოპერაციის ადგილზე, ლოპოტას ხეობაში გუშინ ღამით გამნაღმველთა ჯგუფიც შევიდა, რომელიც ამ დრომდე იქ იმყოფება. გავრცელებული ცნობით, სოფელ ლაფანყურში სიმშვიდეა და თელავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს.

ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოფიციალური უწყებების მხრიდან ამ დროისთვის ახალი განცხადება არ გაკეთებულა.

საქართველოს შსს და თავდაცვის სამინისტრო საქართველო-რუსეთის საზღვართან დევნის ოპერაციას ახორციელებენ. ოფიციალური ინფორმაციით, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი.

აღნიშნული ოპერაციის შედეგად შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ბოლო ცნობით, ლიკივიდირებულია 11 დივერსანტი, 6 კი ალყაშია მოქცეული.

 

კომენტარები