სპეცოპერაცია

სააკაშვილი: ქართული სახელმწიფო დღეს არ დაუშვებს, რომ მეზობლის ტერიტორიაზე არსებული ძალადობა და არასტაბილურობა გადმოედოს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. 
პრეზიდენტმა ინციდენტის დეტალები მიმოიხილა. კერძოდ კი აღნიშნა, რომ შეიარაღებულ ფორმირებასთან სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები მოლაპარაკებას მართავდნენ. მათ დანებებაც შესთავაზეს. შეარაღებული ფორმირების მიერ ბოლო მძევლის აყვანას კი სროლები მოჰყვა. შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ”სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს ჩვენი სამი მებრძოლი შეეწირა” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაზვერვის მონაცემებით (მათ შორის უპილოტო თვითმფრინავების მიერ შეგროვებული ინფორმაციით) შეიარაღებული რაზმის წევრთა უმეტესობა განადგურებულია. 
სააკაშვილმა 1990 წლები გაიხსენა, როდესაც რუსეთმა საქართველოში ”არეულობის ექსპორტი” მოახდინა, რასაც აფხაზეთის, ცხინვალისა და პანკისის ხეობის ცნობილი მოვლენები მოჰყვა. ”დღეს, 90-იანი წლებისგან განსხვავებით სულ სხვა სიტუაციაში ვართ. ქართული სახელმწიფო დღეს არ დაუშვებს, რომ მეზობლის ტერიტორიაზე არსებული ძალადობა და არასტაბილურობა გადმოედოს და საფრთხე შეუქმნას ჩვენს მოქალაქეებს და ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას”, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა. 
პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში  ჩრდილოკავკასიელებსაც მიმართა და განაცხადა, რომ  საქართველოს მწყობრი ხედვა აქვს კავკასიის მიმართ. ”გახსნილი ვართ ყველანაირი ურთიერთობისთვის ჩვენს მეზობლებთან. მივესალმებით რუსეთიდან ვიზიტორებს, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ ჩვენს მეზობელი ტერიტორიაზე არსებული არეულობა, ძალადობა, არასტაბილურობა რაიმე ფორმით გადმოვიდეს და საფრთხე შეუქმნას მშვიდობიან მოქალაქეებს. მივმართავ ჩვენს ჩრდილოკავკასიელ მეზობლებს, ნურავის გამოაყენებინებენ თავს პროვოკაციის ბრმა იარაღად. არეულობა იმ ქედს მიღმა დარჩება და აქეთ ვერ გადმოვა” - განაცხადა სააკაშვილმა. 
საგანგებო განცხადების ბოლოს ქვეყნის პირველმა პირმა  განმარტა, რომ საზოგადოებას საფრთხე არ ემუქრება. ”რაც შეეხება მათ, ვინც ჩვენი სპეცრაზმელების მკვლელობა ჩაიდინა, ისინი პასუხს ბოლომდე აგებენ და მათი მოქმედებები ყველა მეთოდის გამოყენებით ბოლომდე იქნება აღკვეთილი. ყველა ზომას მივიღებთ, რომ მომავალში ვინმემ მსგავსი რამ არ სცადოს” - აღნიშნა სააკაშვილმა. 

კომენტარები